2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნაციონალურ მოძრაობის აქტიური მხარდამჭერებიც კი აღნიშნავენ, რომ ელემენტარულად მობილურ ტელეფონზე საუბრის არ ეშინათ. არადა, შიში იყო ყველგან და ყველაფერში, იგრძნობოდა შეუიარაღებელი თვალითაც და ისიც მახსოვს, დღევანდელი ხელისუფლების მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა ერთ-ერთი ვიზიტის დროს რომ განაცხადა, გლდანის ციხეში ვიყავი და ისეთი სიჩუმე იყო, დარწმუნებული ვარ, კარგი არაფერი ხდება, რამეთუ შეუძლებელია ციხეში ასეთი დამთრგუნველი სიჩუმე იყოსო.
პრინციპი, ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია, მეტად აქტუალური იყო და ეს განსაკუთრებით მედიაზე ისახებოდა. მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი მედიასაშუალებების წარმომადგენლები აქამდე არნახული პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ნაცარს ხალხს თვალში ისე აყრიდნენ, თითქოს არაფერი შავდებაო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ბევრი მათგანი დაიბნა, ზოგმა ძველ რელსებზე ინერციით სიარული გააგრძელა და დღემდე განაგრძობს, ვინც სინდისმა შეაწუხა, საერთოდ გაჩერდა, ვიღაცამ კი უკვე ყოფილი ხელისუფლების კრიტიკა ისე დაიწყო, თითქოს მანამდე მთელი 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო გრანტებს არ იღებდნენ.
ლოგიკურიც არის, რომ მედიის თავისუფლება ევროპელებმაც დაინახეს და საერთაშორისო ანგარიშებშიც აისახა. ორიოდე დღის წინ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის 84-ე ადგილზეა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც გვინდა გვქონდეს, მაგრამ წინა წელთან განსხვავებით ჩვენი პოზიცია 17 საფეხურით გაუმჯობესდა და ეს პატარა ნახტომი არ არის. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ასეთი ნახტომი ქართულ მედიას ნაციონალური მოძრაობის დროს რომ გაეკეთებინა? ყველა საინფორმაციო გამოშვება ამ მაბით დაიწყებოდა და ხელისუფალნი დაგვანამუსებდნენ კიდეც, როგორ არ გრცხვენიათ, რომელ ზეწოლაზე საუბრობთო.
შედარებისთვის გეტყვით, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მოლდავეთი უსწრებს. მათ 58-ე ადგილი უკავია. შემდეგ სომხეთია 78-ე ადგილით(სხვათა შორის, შარშან სომხები 74-ე ადგილზე იყვნენ), მერე საქართველო, მერე კი ასეთი რიგითობა მოდის: 106-ყირგიზეთი, 127-უკრაინა, 148-რუსეთი, 157-ბელორუსი, 160-აზერბაიჯანი, 161-ყაზახეთი, 166-უზბეკეთი, 178-თურქმენეთი.
ზედიზედ მეოთხე წელია, პირველობას არ თმობს ფინეთი, მის შემდეგ კი ჰოლანდია და ნორვეგია მოდიან. ყველაზე ბოლო ადგილი ჩრდილოეთ კორეასა და ერითრიას უკავიათ, სადაც დამოუკიდებელი გამოცემები უბრალოდ არ არსებობენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ავანიშვილმა პირობა დადო, რომ მედიას დააფინანსებს და ჟურნალისტების გადამზადებასა თუ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე იზრუნებს. ეს კი საფუძველს გვაძლევს იმისა, რომ მომავალ წელს უფრო დიდი ნახტომი გავაკეთოთ.