საქართველოს ბიზნესასოციაციამ საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია წარმოადგინა. ღონისძებას ბიზნესსექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის დასასრულს რამდენიმე ბიზნესმენმა კომენტარი ხუდონჰესთან დაკავშირებითაც გააკეთა.
"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ რიგში ამაში თავად ხაიშელები უნდა დარწმუნდნენ: "საზოგადოდ, ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ცხადია, რომ დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. რამდენიმე მხარე მონაწილეობს ამ პროექტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უნდა იყოს დიალოგი, მაქსიმალური გახსნილობა. ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ რატომ მიიღება ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, დაპირისპირება და კომფრონტაცია გამოსავალი არ არის. ვფიქრობ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია, რომ იმსახურებს ძალიან სერიოზულად გაიაზროს ყველამ ამის მნიშვნელობა და შესაბამისად ხმა მისცეს მის განხორციელებას."
PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის პროექტი ერთი სოფლის ინტერესებს არ უნდა შეეწიროს: "მე ვფიქრობ, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის გადასაწყვეტი არ არის. თუ ქვეყანას სჭირდება მსხვილი პროექტის განხორციელება და არსებობს, რაღაც ფაქტორები რაც ხელს უშლის, ეს ფაქტორები უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით. ხაიშელებისთვის უნდა გაშენდეს ახალი სოფლები, უნდა გაიცეს კომპენსაციები, ოღონდ მათ არ უნდა შეეძლოთ დაბლოკონ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ხუდონჰესია და ანალოგიურად ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც იგივეს ვიტყოდი. მთელი ქვეყნის ინტერესი გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ერთი სოფლის ინტერესი. მე ვფიქრობ, ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი არაფრის გამო. ეს არასასიამოვნოა, მაგრამ უფრო არასასიამოვნოა მთელი ქვეყანა იყოს ჩაბნელებული და არ განვითარდეს ენერგეტიკა.”
"ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ხუდონჰესის ბედი სახელწმიფომ უნდა გადაწყვიტოს: "ხუდონჰესის აშენება სახელმწიფო პოლიტიკაა და მე ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს მისი ბედი. მე, როგორც ბიზნესმენი, ასე ვფიქრობ".