საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო კმაყოფილება საქართველოში ნატო-ს კომიტეტის წარმატებული ვიზიტთან დაკავშირებით და მადლობა გადავუხადო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს სტუმრობისთვის.
ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომელიც ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოთვის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი იმპულსია ჩვენი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის.
მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება და კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
შეხვედრისას, საშუალება გვქონდა გვესაუბრა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი დაახლოების ფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ სფეროში მიღწეული პროგრესი, როგორც შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
საქართველო კვლავაც ადასტურებს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში.
ჩვენი შეიარაღებული ძალების ორი ბატალიონი 2014 წლის შემდეგაც განაგრძობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
საქართველო ადასტურებს მზადყოფნას, ჩაერთოს ISAF-ის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის ოპერაციაში და სთავაზობს ალიანსს საკუთარ ინფრასტრუქტურას, რათა ეს ყველაზე ოპტიმალური გზით განხორციელდეს.
ასევე, მსურს მადლიერება გამოვთქვა ალიანსის მიერ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვის მხარდაჭერისთვის.
ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის სფეროებში სათანადო შეფასებას მიიღებს ნატო-ს 2014 წლის სამიტზე დიდ ბრიტანეთში. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას.
გმადლობთ.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
ქალბატონებო და ბატონებო!
ჩვენთვის დიდი პატივი იყო დღეს თქვენთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი - დაწყებული საქართველოს უდიდესი წვლილით ნატო-ს ოპერაციებში, დამთავრებული იმ პროგრესით, რომელსაც ქვეყანამ უსაფრთხოების რეფორმების მხრივ მიაღწია.
როგორც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, შემიძლია განვაცხადო, რომ ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა გახლავთ კონსტრუქციული, პრაგმატული და სამაგალითო.
საქართველო ISAF-ის პროგრამაში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა. მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ქვეყანას მადლობა გადავუხადო ამ უდიდესი წვლილისთვის. მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო იმ სამხედროების დამსახურება, ვინც მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა და სამძმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ფიქრი მიმართულია მათკენ, ვინც ამ ოპერაციების მიმდინარეობისას დაშავდა.
საქართველომ იკისრა ვალდებულება მხარი დაეჭირა ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიისთვის, რომელიც ითვალისწინებს მომზადებას, კონსულტაციებს და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარებას 2014 წლის შემდეგ.
ამას გარდა, საქართველომ იკისრა ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებაში 2015 წელს.
ზემოხსენებული დინამიკა, რომელიც შეეხება საქართველოს სამხედრო ჩართულობას, გახლავთ ქვეყნის ვალდებულებების აშკარა დემონსტრირება ნატო-ს წინაშე და ჩვენ ველით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას 2014 წლის შემდეგ.
2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივაწიეთ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი აუცილებელ კრიტერიუმებს შეასრულებს.
რომ თავდაცვის რეფორმების განხორციელების მხრივ, საქართველომ მეტად სოლიდურ პროგრესს მიაღწია, რაც საუკეთესო საფუძველია სამხედრო თანამშრომლობისათვის ყველა დონეზე საქართველოსა და ნატოს შორის.
უკვე აღვნიშნე, რომ თავდაცვის რეფორმების მხრივ, საქართველომ სოლიდურ პროგრესს მიაღწია, რაც საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საუკეთესო საფუძველია ყველა დონეზე.
ჩვენ კვლავაც გავნაგრძობთ ამ რეფორმების მხარდაჭერას და ველით დისკუსიებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ტრანსფორმაციის თვალსაზრისით არსებული პროგრესის თაობაზე ჩვენი სამხედრო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება.
დიდი მადლობა, ქალბატონებო და ბატონებო.