„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს“ ინფორმაციით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ხელმოწერამდე ხანგრძლივი განხილვები და საჯარო კონსულტაციები მიმდინარეობდა იმ პროგრამების და მიმართულებების შესახებ, რომლებიც აისახა ხელშეკრულების საბოლოო დოკუმენტში.
2010 წელს, მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისადმი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იყო იდეა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესახებ. ხანგრძლივი კონსულტაციების, ეკონომიკური ანალიზის, ხარჯების, სარგებლის და ბენეფიციარების შეფასების შედეგად გადაწყდა, რომ ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისათვის არ იყო მისაღები და აღარ მოხდა მისი კომპაქტში გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ თავიდანმვე უარყო ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის აგების იდეა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს წინა მთავრობის გადაწყვეტილებით მშენებლობა მაინც განხორციელდა.
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი 140 აშშ მილიონიანი ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.
აქცენტი კეთდება ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტის ფარგლებში იგეგმება პროექტები ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში.
ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში 130-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება იგეგმება.
საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოვლენილი იქნა აშშ-სა და საქართველოს უნივერსიტეტებისგან შემდგარი სამი ნახევარფინალისტი კონსორციუმი. დღეისათვის მიმდინარეობს კონკურსის საბოლოო ფაზა. განათლების სფეროს წამყვანი პროფესიონალებისაგან შემდგარი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია შეაფასებს და შეარჩევს პროექტს (ან პროექტებს). გამარჯვებული კონსორციუმი საქართველოში განახორციელებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამებს მომავალი 20 წლის განმავლობაში.
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა და წარმოაჩენს საქართველოს მიმართ აშშ-ის განსაკუთრებულ მხარდაჭერას.
2005 წელს საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ხუთწლიანი კომპაქტი მიიღო, საერთო ღირებულებით 395 მილიონი აშშ დოლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტები.