რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მშფოთვარე დღეები წინ უდგას

რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მშფოთვარე დღეები წინ უდგას

The National Interest - რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მშფოთვარე დღეები წინ უდგას ამერიკული გამოცემა The National Interest რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მაიკლ ჩეჩირეს სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა, ქართულ-რუსულ ურთიერთობები გამოსწორდა. მაგრამ ნუ დაელოდებით, რომ კეთილი გრძნობები კიდევ დიდხანს გაგრძელდება მას შემდეგ, რაც სოჭს უკანასკნელი ოლიმპიური დელეგაცია დატოვებს.

"მაშინ, როცა სპორტსმენები და სპეციალისტები სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, მსოფლიოს დიდი ნაწილის ყურადღება მიმართულია ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან ტერორიზმის რეალური საფრთხისკენ, რუსეთის რეტროგრადული ანტი-გეი კანონმდებლობისკენ, მასიური კორუფციის სარწმუნო ბრალდებებისკენ და მეფის რუსეთის დროინდელი ეთნიკური წმენდის აჩრდილისკენ. ჰო და მართლა, სოჭში სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება. ალბათ ეს არის იმის ნიშანი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიასთან სოჭის სიახლოვე ფაქტობრივად ყურადღების მიღმა დარჩა, მაგრამ ამისთვის სამართლიანი მიზეზიც არსებობს: დაუჯერებელია, მაგრამ საქართველომ და რუსეთმა გასული წელი ურთიერთობების დალაგებაში გაატარეს", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს ურჩი ტერიტორია აფხაზეთი სოჭის კაფეებიდან და ყინულის სასახლეებიდან 30 წუთის სავალზეა. მისივე თქმით, არც სოჭის პროპაგანდას უნდა დავუჯეროთ რუსეთის შავი ზღვის კურორტების ელიტურობის შესახებ, რადგან საბჭოთა მოქალაქეები შვებულებას საქართველოში ატარებდნენ და უმრავლესობა "საბჭოთა რივიერას", აფხაზეთს ირჩევდა.

როგორც მაიკლ ჩეჩირე წერს, აფხაზეთი დღეს რუსეთის დე-ფაქტო პროტექტორატია, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა სამხრეთ ოსეთთან ერთად. მისივე თქმით, აფხაზეთში ათასობით რუსი სამხედროა განლაგებული, რომლებიც ახალაშენებულ ყაზარმებში არიან განთავსებული. აფხაზეთში თანდათან დაბრუნებას იწყებენ რუსი ტურისტები, თუმცა რეალური ეკონომიკა სრულად რუსულ სამხედროებაზეა დამოკიდებული, რომლებიც მზადებას აფხაზეთის მთებში გადიან, პატრულირებენ სეპარატისტული რეგიონის "საზღვრებზე" და აგებენ ღობეებსა და მავთულხლართებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონოდ დადგენილ საზღვრებზე.

"ხუთი წლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთის ჯარებმა საქართველოს მცირერიცხოვანი და ცუდად მომზადებული არმია დაამარცხეს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები თანდათან უმჯობესდება. ეს ტენდენცია მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობაზე". "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა წინამორბედის აგრესიულ ტონზე და რუსეთთან ფრთხილი, მაგრამ ნამდვილი დაახლოების პროგრამის გატარება დაიწყო დაძაბულობის შემცირების მცდელობითა და, რამდენადაც შესალებელია, ვაჭრობის გაფართოებით, ამავდროულად ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სვლით", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ძალისხმევამ ბევრ მოლოდინს გადააჭარბა და მისი ცნობილი ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა ისევე, როგორც მანდარინი და სხვა პროდუქტები. მაიკლ ჩეჩირე ასევე წერს, რომ რუსეთის დიდმა ბოსმა ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედები გამოთქვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

"მაგრამ, ყოველივე ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დათბა. ურთიერთობები ნამდვილად "ნორმალიზირდა", როგორც ამ პროცესს უწოდებენ ხშირად ოპტიმისტურად. ამ ურთიერთობებში უბრალოდ დეტოქსიკაციის პროცესი დაიწყო. წარსული წლების აგრესიული რიტორიკა განიმუტხა და ორ სახელმწიფოს ახლა ერთმანეთთან ლაპარაკი შეუძლია. მაგრამ ეს ჯერაც არ არის მეგობრობა. საქართველოსა და რუსეთს ჯერ არ აღუდგენიათ დიპლომატიური ურთიერთობები და მათ შორის კვლავაც მწვავე დაპირისპირებაა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ორივე ქვეყნის ხალხს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ ურთიერთაღტაცების ღრმა და ლეგიტიმური გრძნობები აქვთ, მაგრამ ეს იგივე არ არის, რაც ნდობა", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ საკითხზე კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაა. მისივე თქმით, რუსეთის სიჯიუტე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტზე, აუღებელი ციხესიმაგრეა.

"შესაძლოა, საქართველომ და რუსეთმა იპოვეს ხერხები უთანხმოების დასარეგულირებლად, მაგრამ მათ შორის საგარეო პოლიტიკის გარშემო არსებული უთანხმოება ორმხრივ ურთიერთობებს ვერ გააუმჯობებს", - წერს მაიკლ ჩეჩირე და დასძენს, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" რიგი მნიშვნელოვანი ზომები გაატარა.

მისივე თქმით, რუსეთმა კი გახსნა საქართველოს პროდუქტებისთვის საკუთარი ბაზარი, მაგრამ ამავდროულად განაგრძობს ღობეების აღმართვას სეპარატისტული ტერიტორიების საზღვრებზე, რითიც მოსკოვი საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებსა და განზრახვებს ამოწმებს.

"ამ დროისთვის სიტუაცია სავსებით გასაგებია: საქართველო საბოლოოდ და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს და მისი ტერიტორიული მთლიანიბოს საკითხით ურყევია. რა თქმა უნდა, საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით, მაგრამ არა საკუთარ პრინციპებზე უარის თქმის ხარჯზე", - წერს მაიკლ ჩეჩირე.

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით თბილისი და მოსკოვი ორმხრივ ურთიერთობებში უპირატესობას პრაგმატიზმს ანიჭებენ და არა – ანტიპათიას. მაგრამ ორი მეზობელი მაინც ვერ თანხმდება ძალიან მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებში.

"საქართველოს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და შიდა და გარე პოლიტიკის გატარება რუსეთის "მითითებების" გარეშე უნდა. რუსეთს კი სურს ბოლო სიტყვა თქვას მოვლენებში, რომლებიც მიმდინარეობს მის ეგრეთ წოდებულ "ახლო საზღვარგარეთში", რომელშიც საქართველოც მოიაზრება. ეს მიზნები კი პრინციპულად შეუთავსებელია. ამ ეტაპზე რუსულ-ქართული ურთიერთობები შესაძლოა მაღალ საფეხურზეა სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, მაგრამ სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ მშფოთვარე დღეები წინ უდგათ", - წერს მაიკლ ჩეჩირე.