თუ ხუდონის პროექტი არ განხორციელდა, მოგვიწევს ან ტარიფის გაზრდა ან ისევ ჩაბნელება

თუ ხუდონის პროექტი არ განხორციელდა, მოგვიწევს ან ტარიფის გაზრდა ან ისევ ჩაბნელება

‘’ცოტა ხნის წინ  ‘’ლიბერალში’’ გამოქვეყნდა ‘’მწვანე ალტერნატივას’’ წევრის, დავით ჭიპაშვილის სტატია სახელწოდებით „როგორ გვატყუებენ ინვესტორები, ანუ ხუდონჰესის პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა“, რომელშიც ჩემი აზრით, მოხდა ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯება სტატიის ავტორის მხრიდან’’,  – აცხადებს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ეკონომისტი ზურაბ ზაალიშვილი.

სტატიის ავტორმა რამდენჯერმე მიმართა „ლიბერალის“ რედაქციას და გამოცემის რედაქტორს საპასუხო პუბლიკაციის გამოყენების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ის აცხადებს, გამოცემა 2 კვირის განმავლობაში არ პასუხობდა გარკვევით ავტორს, ხან რასაც საბოლოოდ რედაქტორის უარი მოჰყვა. ეს გახლავთ  საპასუხო პუბლიკაციის დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზი.

თავიდანვე მინდა აღვნიშნო,  რომ მე როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, მინდა მქონდეს განცდა, რომ პროექტის როგორც მომხრე და განსაკუთრებით მოწინაამღმდეგე მხარე თავის სასარგებლოდ არ ამახინჯებდეს ფაქტებს.

არგუმენტები

მოდით, განვიხილოთ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები.  მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მდგომარეობს შემდეგში: გაიჩეხება ტყე და რადგან ხუდონი  გიგანტური ჰესია, მისი აშენებით დაიტბორება სვანეთი;  გაიზრდება სინესტე და ამის გამო განადგურდება ბუნება, შენობები, რაც გამოიწვევს დაავადებებს; დაიტბორება სასაფლაო და ეკლესია; დაიცლება რამდენიმე სოფელი და ადგილობრივ მოსახლეობას გაასახლებენ. ჰესი იქნება უცხოელი ინვესტორის ხელში და ბოლოს, გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროები, საქართველოს არ სჭირდება ამდენი ელექტროენერგია, სამყოფი ისედაც გვაქვს. რაში მდგომარეობს კონტრაგუმენტები?  -  ტყე მართლა გაიჩეხება, თუმცა უნდა ვიცოდეთ რის სანაცვლოდ. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში უკანასკნელი 20 წელი ტყე უმოწყალოდ იჩეხება ყველა რეგიონში (უმეტესად უკანონოდ), 90-იან წლებში კი - ნაკრძალების ჩათვლით. ტყეებში აძოვებენ პირუტყვს, რის გამოც ნადგურდება ახალგაზდა ხეები. ათასობით ჰექტარი ტყე განადგურებულია, ნიადაგი გადაგვარებული და დამეწყრილი. ეს ეხება სვანეთსაც. რატომ ხდება ეს? ხშირად ტყე არის ერთადერთი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის - რადგან სხვაგან არ არის დასაქმების პერსპექტივა. თუ  ტყის გაჩეხვის სანაცვლოდ მოხდება ეკონომიკური წინსვლა - რათა სვანეთში ან სხვაგან აღარ გაიჩეხოს უფრო მეტი ტყე, რატომაც არა?  მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შეფასება ფარდობითია, საქართველოს მასშტაბით გიგანტური ჰესი მხოლოდ ენურჰესს შეიძლება ვუწოდოთ. ხუდონჰესი ვერ შეედრება მას ვერც კაშხლის ზომით და ვერც წყალსაცავით. ჩვენზე პატარა შვეიცარიაში ერთი ჰესის კაშხალი  4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ხუდონის დაგეგმილი სამაღლე - 200მ. ასევე სულ 25 კაშხალია 100 მეტრზე მაღალი. შესაბამისად, შვეიცარია დაახლოებით 35 მილიარდ კვტ.სთ-ს გამოიმუშავებს ჰიდროენერგიით, როცა ჩვენ მხოლოდ 9-ს. გავრცელებული ინფორმაციით წყალსაცავის ფართობი თბილისის ზღვის ნახევარია, რაც ნამდვილად არ არის მთელი ან ნახევარი სვანეთი. მოწინააღმდეგეების ერთ–ერთი საყვარელი არგუმენტია, რომ გაიზრდება სინესტე. მაგრამ, აქ ისმის კითხვა,  რამდენად გაიზრდება სინესტე? რამდენი პროცენტით? რამდენი მილიმეტრით გაიზრება ნალექის მოცულობა? რა გავლენა მოახდინა ენგურჰესის კაშხლის აშენებამ სინესტესა და ნალექზე? მე ასეთი მონაცემები ან კვლევა არსად შემხვედრია. თუ შავი ზღვიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ სვანეთში ენგურჰესის აშენებით წლიურმა  სინესტემ სიტყვაზე 1%-ით მოიმატა და ნალექის მოცულობამ 10 მილიმეტრით, იქნებ არც ღირს ნერვიულობა ბევრად პატარა ხუდონის წყალსაცავის გავლენაზე? რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, არის შესაძლებლობა რომ გადავიტანოთ სხვა ადგილას. ამის მშვენიერი მაგალითი ასუანის კაშხლის მშენებლობის პროცესში გვაქვს, როდესაც მსოფლიო მნიშვნელობის მონუმენტები გადაიტანეს.

დამახინჯებული ფაქტები

დავით ჭიპაშვილის სტატიის დეტალებში შესვლის გარეშეც შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტები დამახინჯებულია და ეს მიდგომა არის  საგანგაშო.

კერძოდ, ცხრილი სადაც ავტორის აზრით ხუდონჰესის მშენებლობის პროცესში ქონების გადასახადი იქნება ისეთივე როგორც დღეს - 1 მილიონი ლარი, არასწორია. ფაქტია, იმის გამო, რომ ქონების გადასახადის გადახდა ხდება დაუმთავრებელი მშენებლობის აქტივებზე, გადასახადი პროგრესულად გაიზრდება და დასრულების წელს იქნება მინიმუმ 15 მილიონი ლარი.

ციტატა „ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე დაემატება მოგების გადასახადი მას შემდეგ, რაც ინვესტიციებს უკვე ამოიღებენ“, არ შეესაბამება სინამდვილეს რადგანაც პროექტის ღირებულება 1.2 მლრდ დოლარია (2 მლრდ ლარი) მაშინ როცა შემოსავლები (ხარჯების გარეშე) 10 წლის განმავლობაში, როცა იმოქმედებს საგაგასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები, მხოლოდ 1.5 მილიარდი ლარია (თუ ტარიფი 10 თეთრი იქნება). ასევე საინტერესოა, როგორ არის  გამოთვლილი სტატიაში „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებული 1.5 მილიარდი დოლარის ზარალი“, რა მეთოდოლოგია არის გამოყენებული და ა.შ.

ხუდეონჰესი ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას, მაგრამ ეს არის რეალური საფუძველი, რაზეც უნდა დადგეს მომავალი განვითარებული საქართველო. ჩემი აზრით ხუდონიდან მიღებული გადასახადები იმდენად კრიტიკული არ არის, როგორც სხვა დადებითი მხარეები, როგორიცაა თუნდაც დასაქმება და აშენებით მიღებული ცოდნა. და რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი, ენერგოდამოუკიდებლობა.

იშვიათი შემთხვევაა, როცა მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივას ვეთანხმები. ენერგოდამოუკიდებლობას ის მართლაც გაზრდის, რადგან ხუდონის პროექტი კაშხლიანი ჰესია, რომელიც ზამთარშიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ხუდონჰესი გაზრდის ენგურჰესის და ვარდნილჰესის წარმოებასაც, მათ შორის ზამთრის თვეებში.  დავამატებ იმასაც, რომ თუ საჭიროა, მთავრობამ რეიტინგის რაღაც ნაწილი უნდა შეწიროს ქვეყნისთვის აუცილებელი პროექტის განხორციელებას.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰესი სახელმწიფომ უნდა ააშენოს, მაგრამ რა წყაროებით? გადასახადების გაზრდით თუ ხარჯების შემცირებით - ბიუჯეტში გარღვევის ფონზე? საგარეო ვალი გამორიცხულია, რადგან ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვისთვის ისედაც ვიღებთ ვალებს! მეორე იდეაა, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა ააშენოს. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი ბიზნესი თუ ბანკები ვერ შეძლებენ 1.2 მილიარდის მთლიანად მობილიზაციას, თუმცა რა პრიციპული განსხვავებაა უცხოურ თუ ადგილობრივ ინვესტორს შორის მე ვერ ვხვდები. 

ენერგიის ალტერნატიული წყაროები

ალტერნატიული წყაროები, ქარი, მზე, როტომაც არა, მაგის დროც მოვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზრდება (თუნდაც გერმანიის ან ესპანეთის დონემდე) და შესაბამისად ასეთი ინვესტიციები მომგებიანი გახდება. დღესაც კი საკმარისი ელექრტოენერგია არ გვაქვს, მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, საშუალოდ 10%–ით წელიწადში, განსაკუთრებით რეგიონების ხარჯზე. წელს პირველი წელიწადია უკანასკნელი წლების განმავლობაში, როცა იმპორტი სჭარბობს ექსპორტს. ეს ტენდენცია მხოლოდ გაიზრდება და მოგვიწევს ან ტარიფის გაზრდა, ან ისევ ჩაბნელება. ის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, განვითარების შედეგია. ევროპული ქვეყნების დონეზე რომ მივიდეთ, ელექტროენერგიის წარმოება სულ მცირე 3-4-ჯერ უნდა გაიზარდოს.

რატომ უნდა აშენდეს ხუდონჰესი

მომხრეთა არგუმენტი ბევრია, თუმცა ძირითადებს გამოვყოფ. ესაა დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის დახარჯვა საქართველოში (პროექტს პირდაპირი იმპორტის ხარჯი რომ გამოვაკლოთ); დამატებითი 470 მილიონი კვტ.სთ  ენერგიის გამომუშავება ენგურჰესის მიერ; ენერგოსისტემის საიმედოობა და გადასახადების ზრდა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში. მშენებლობის ნაწილი უკვე შესრულებულია და ბუნება გარკვულწილად უკვე დაზიანებულია. მოდით დავუშვათ, რომ ხუდონჰესი ყველაზე კაბალური პირობებით აშენდება - ანუ ხუდონის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად და ყოველთვის გავა თურქეთში. ამ შემთხვევაშიც კი მე ვიქნები ამ პროექტის განხორციელების მომხრე, იმიტომ რომ, პროექტის ღირებულების დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაიხარჯება საქართველოში და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ (კონტრაქტორები, ქვეკონტრაქტორები, მომსახურების და საქონლის მომწოდებლები). ასევე ენგურჰესი, რომელიც ხუდონის ქვევით მდებარეობს, ხუდონში დაგუბებული წყლის ხარჯზე გამოიმუშავებს დაახლოებით 1 მილიარდ კვტ.სთ-მდე დამატებით ელექროენერგიას, საიდანაც 450 მილიონამდე გამომუშავება საქართველოს ეკუთნის. ენგურჰესის გამომუშავება ყველაზე იაფია საქართველოში (1.187 თ), რაც მნიშვნელოვანია იმპორტის ჩასანაცვლებლად. ასევე ამ იაფი ენერგიის ხარჯზე მომავალში არის შანსი ადგილზე მიებას წარმოება. რატომ ადგილზე? იმიტომ რომ ადგილზე ელექტოროენერგიის დანაკარგი და ტარიფი დაბალია. ამასთანავე საქართველოში ენერგოსისტემის საიმედოობა გაიზრდება, რადგანაც 2 მილიარდამდე კვტ.სთ ადგილზე იქნება წარმოებული. მნიშვნელოვანი იქნება გადასახადებიდან შემოსავალი, განსაკუთრებით ქონების და მოგების გადასახადი. ქონების გადასახადი მნიშვნელოვანი იქნება მშენებლობის პროცესში, ხოლო მოგების გადასახადი მშენებლობიდან 10 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი იქნება ყველაზე კაბალური ხელშეკრულების შემთხვევაშიც. თუმცა, არსებობს პიკურ თვეებში ხუდონჰესიდან ელექტროენერგიის ადგილობრივად მიწოდების ვალდებულება და სხვა პირობები, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით. სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საუკეთესო პირობებით მოხდეს ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

შეიძლება დავამატოთ ისიც, რომ პროექტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ხშირად უფრო ემოციურია ვიდრე ლოგიკური. არის ასევე არგუმენტები, რომელსაც მე ‘’საშუალო კლასის’’ არგუმენტებს ვუწოდებ, ანუ იმ ადამიანების არგუმენტები, ვინც ცხოვრობენ თბილისში, აქვთ სამსახური, სახლში აქვთ გათბობა, ინტერნეტი, ბავშვები დაყავთ კერძო სკოლაში. ‘‘საშუალო კლასის’’ გადმოსახედიდან აშენების საწინაამღდეგო არგუმენტები გამართლებულია.   სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არ მიეკუთნება საშუალო კლასს. დაახლოებით 500,000–მდე ჩვენი თანამოქალაქე განიცდის საკვების ნაკლებობას, ხოლო 70,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.  ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ეწევა ნატურალურ მეურნეობას და მათი ოჯახის კეთილდღეობა მთლიანად არის დამოკიდებული ბუნებაზე. ყველაზე სამწუხაროა, რომ ჩვენი ღარიბი თანამოქალაქეების შვილებიც, არასათანადო განათლების გამო დიდი ალბათობით გაიზიარებენ მშობლების ხვედრს, რასაც ე.წ. ‘‘სიღარიბის ხაფანგი’’ ეწოდება. სწორედ მსგავსი პროექტები არის შანსი ასეთი ადამიანებისთვის, დააღწიონ თავი სიღარიბეს. ამ ადამიანებს დღეს სჭირდებათ სამუშაო ადგილები. როცა საქართველო თავისი განვითარებით  თუნდაც მიუახლოვდება განვითარებულ ქვეყნებს, მსგავსი პროექტების მოწინაამღდეგის არგუმენტები უფრო ძლიერი გახდება და რაღაც ეტაპზე, მეც შევუერთდები მათ რიგებს.

საჭიროა მეტი ინფორმაცია

უნდა ჩაერთოს ორივე მხარე - უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მართლაც სენსიტიურია, იმ 180–მდე ოჯახს საშუალება აქვს თავისთვის და თავისი შვილებისთვის გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები.  ასევე უნდა დავამატოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლების საკითხი უკვე 20 წელია დგას. მათი ნაწილი ერთხელ უკვე გადაასახლეს და ისინი უკან დაბრუნდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ კომპენსაცია სამართლიანად გაიცეს. ჩემი აზრით, პროექტის დროში გაჭიანურება საზოგადოების ნაწილის წინაამღდეგობით არის გამოწვეული. ხშირად ეს წინააღმდეგობა არის არასწორი ინფორმირებულობით გამოწვეული.

ყველა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ინვესტორმა პირნათლად შეარულოს თავისი ვალდებულებები, ხოლო მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და ეფექტური. თუ რამე არ მუშაობს, არ არის კოორდინაცია - უნდა ამუშავდეს, ეს არის მთავრობის პირველადი მოვალეობა.