ხაიშში სვანეთის მოსახლეობა შეიკრიბა და ხუდონჰესის აშენება-არაშენებაზე მსჯელობს. ამ შეკრების ინიციატორები სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არიან, რომლებიც ახლა მიმდინარე შეკრებაზე იმყოფებიან.
კალაძესთან შეხვედრის შემდეგ, 4 თებერვალს, ზუსტად ორი დღის წინ, სოზარ სუბარმა განაცხადა: "6 თებერვალს იყო დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ დროებით გადავდეთ. მანამდე კიდევ ერთხელ უკეთესად მოვემზადებით. შეხვედრამდე ცოტა ხნით გადაიდო მიწების აზომვა."
დღეს ის ხაიშში იმყოფა ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად. როგორც მესტიის მაჟორიტარი აცხადებს, ის და სოზარ სუბარი დღეს რიგითი სვანები არიან.
დილას დაგეგმილი ყრილობა 2 საათისთვის გადაიდო. 2 საათზე შეკრებილებს აქციის ორგანიზატორემბა განუცხადეს, რომ კაცები ტაძარში შევიდოდნენ და ქალების და ჟურნალისტების გარეშე გამართავდნენ თათბირს. 1 საათში გადაწყვეტილების გამოცხადებას დაპირდნენ ხაიშელებს და მინისტრთან, დეპუტატთან და უხუცესებთან ერთად ტაძარში შეიკეტნენ.
რამდენიმე დღის წინ სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძე ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შეხვდნენ და მოილაპარაკეს, რომ სახელმწიფო დროებით შეწყვეტდა ხაიშში აზომვით სამუშაოებს და მინისტრი და დეპუტატი დაგეგმილ ყრილობას გადადებდნენ. სამინისტრომ პირობა შეასრულა, ჩინოვნიკებმა _ არა. ხაიშელებმა ყრილობის გადადების შესახებ დადებული პირობა დაარღვიეს და გადაწყვეტილების მისაღებად დღეს შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ ასევე, რომ სოზარ სუბარიც და ვიქტორ ჯაფარიძეც აცხადებდნენ, რომ შეკრება ღია იქნებოდა და მასზე დასწრების საშუალება ჟურნალისტებს მიეცემოდათ.
ოლეგ ჭკადუა, სოფელ ხაიშის რწმუნებული: “ამჟამად იკრიბება მოსახლეობა, უხუცესები, გვიერთდებიან თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც. კრება საკუთარ აზრს დააფიქსირებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სახალხო კრების მოწვევას და ამ გზით გადაწყვეტილების მიღებას, გეთანხმებით, რომ 21–ე საუკუნეში ეს არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ ამჯერად მე მიწევს უფლის იმედად დარჩენა, როდესაც თავად სახელმწიფო უნდა იცავდეს ჩემს ინტერესებს. როდესაც სახელმწიფოსაგან ვერ ვიგრძენი დაცვა და მხარდაჭერა, მაშინ მივმართე უფალს და შევფიცე. აი, ეს გამომივიდა 21–ე საუკუნეში. ვინც უნდა იცავდეს მოსახლეობის ინტერესს და მხარში ედგეს ხალხს, ის იმ კომპანიასა და პროექტს იცავს, რომელიც ჩემს დანგრევასა და განადგურებას ცდილობს.”
ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი: “ ჩვენი შეხვედრა მაშინაც დახურული იყო და დღესაც დახურული იქნება. შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებს, თუ რაზე იქნება საუბარი ამ შეხვედრაზე, ვერ გავახმაურებ. რაც შეეხება აზომვითი სამუშაოების შეჩერებას, ეს იყო ერთი დაპირება და ეს პროცესი შეჩერდა. იმ ადამიანებს, ვინც იქ იკრიბებიან, გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული აქვთ. ახლა მივდივართ, რომ გავაგრძელოთ მოლაპარაკება და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არც სახელმწიფოს დააზარალებს და არც მოსახლეობას. დეტალებზე კი, ვიმეორებ, ვერ გესაუბრებით.”
ზურაბ ნიჟარაძე, სოფელ ხაიშის გამგებლის მოადგილე: “ჩვენი დღევანდელი შეკრება საბოლოო გადაწყვეტილების ვარიანტია. ჩვენ ერთხელ უკვე შევიკრიბეთ და ვთხოვეთ ხელისუფლებას, მოგვაქციონ ყურადღება, დაფიქრდნენ და გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნები. ეს მოხდა ნოემბერში, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ შემაგებებელ წინადადებებს და გადაწყვეტილებებს. მინდა გითხრათ, რომ ‘’უხუცესი’’ არ წარმოადგენს მაინცდამაინც 80–90 წლის ბერიკაცს. სვანურად ‘’უხუცესი, ‘’მახვში’’ არის ის ადამიანი, რომელსაც მთელი სოფელი უსმენს, ენდობა და თავის თემში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს გახლავთ სვანეთისა და სრულიად საქართველოს მამულიშვილთა ყრილობა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას. კიდევ რაზე გავამახვილებდი ყურადღებას, იცით. ჩვენ ასევე უარს ვამბობთ ჩვენი ქონების შეფასებაზე და ასი ათასებზე, რომელსაც კომპენსაციის სახით გვპირდებიან.
ეს უხუცესთა ყრილობა და სრულიად საქართველოს მამულიშვილთა ყრილობა დავგეგმეთ საკუთარი ინიციატივით. ეს აქცია არ შეგვითანხმებია ხელისუფლებასთან. ბატონი სოზარი და ბატონი ვიქტორი ჩვენთვის არიან არა ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ რიგითი სვანები. რაც შეეხება მიცემულ პირობას, რომ მიწის აზომვითი სამუშაოები თუ შეწყდებოდა, ჩვენ ყრილობას გადავდებდით, ამისი პირობა ჩვენ, მოსახლეობას არ დაგვიდია და ეს შეკითხვა მას დაუსვით, ვინც ეს პირობა დადო. ამ პირობის მიცემა მათი პირადი ინიციატივაა, რომელიც ჩვენგან არ მოდიოდა.”
ოთარ ჭკადუა, რეინჯერი: “იკრიბებიან სოფლის უხუცესები და იმართება საპროტესტო აქცია. წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმსჯელებენ არა მარტო ხაიშის თემის წარმომადგენლების, არამედ აქ იკრიბება მთელი სვანეთის თემების წარმომადგენლობა. გადაწყვეტილება გახდება ცნობილი და მერე დაველოდებით ხელისუფლების პასუხს.”