ენერგეტიკის სამინისტრო გაკვირვებას გამოხატავს სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მითითებულია, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ სახალხო დამცველთან და სვანეთის მოსახლეობასთან ხუდონჰესის პროექტით შესახებ შეხვედრაზე უარი განაცხადა. ომბუდსმენის აპარატმა იგივე ინფორმაცია გაავრცელა ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიაზე. ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ოფიციალური მიმართვა სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სახალხო დამცველის აპრატიდან არ ყოფილა.
,,ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები რეგულარულად ატარებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან არა მხოლოდ ხუდონჰესის, არამედ ყველა სხვა მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ. სამინისტრო მიესალმება და ყოველთვის მზადაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები კონსტრუქციული დიალოგის და კომპეტენტური მსჯელობის ფორმატში იქნეს განხილული, რისიც არაერთი მაგალითი უკვე არსებობს. აგრეთვე გულისტკივილით გვინდა აღვნიშნოთ სახალხო დამცველის მკვეთრად გამოხატული პირადი პოზიცია სოციალურ ქსელებში ამ პროექტთან დაკავშირებით, რადგან მას სამწუხაროდ, წინ არ უძღვის სახალხო დამცველისა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის კონსულტაციები, რისი მზადყოფნსაც, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ყოველთვის გაგვაჩნია. ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს და მის მიერ გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების თაობაზე როგორიც არის ხუდონჰესი, მხოლოდ სათანადო კვლევების, შესწავლის, ანალიზის და კომპეტენტურ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად მიიღება. გვსურს შევახსენოთ სახალხო დამცველს, როგორც საჯარო პირს - დაუშვებელია მოუმზადებელი და საფუძველს მოკლებული განცხადებების გაკეთება ისეთი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტზე, როგორიც ხუდონჰესია. ენერგეტიკის სამინისტრო კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოთქვამს ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ აწარმოოს და გამართოს ობიექტური, სამართლიანი და კონსტრუქციული დისკუსია, როგორც სახალხო დამცველის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული პირის მონაწილეობით“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ საღამოს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ სტუმრობისას, კახა კალაძემ უჩა ნანუაშვილის განცხადებას სრული სიცრუე უწოდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ომბუდსმენს, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის თაობაზე მოუმზადებელი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს:
“მე მინდა გამოვეხმაურე განცხადებას, რომელიც სახალხო დამცველმა ხუდონის თემასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი ხუდონჰესის თემაზე პროცესის კონსტრუქციული მოგვარებისა და დიალოგის დაწყების მომხრეა. ეს ჩვენც ვიცით და არაერთხელ გამიკეთებია ამაზე განცხადება, რომ სწორედ დიალოგისა და კონსტრუქციოლობის მომხრე ვართ, თუმცა გარკვეული ჯგუფები ამას სხვანაირად იყენებენ. სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, თითქოს ენერგეტიკის სამინისტრომ და ინვესტორმა ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და არც ინვესტორს მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პირიქით, პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და მე დავინიშნე ამ დარგის მინისტრად, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო და პირველივე დღიდან გვინდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფი, ჩემი მოადგილეც ჩასული იყო ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრაზე და მათ შევთავაზეთ ასეთი რამ: შევქმნათ გარკვეული ჯგუფი იმ პიროვნებებისგან, ვისაც ისინი ენდობიან და მომხდარიყო მინისტრთან შეხვედრა. მე მაშინ ამაზე შეთანხმებული ვიყავი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და ისიც მზად გახლდათ ამ ხალხთან შესახვედრად. თუმცა, მაშინ მათ ეს არ ისურვეს. მაშინაც ვაცხადებდი და ახლაც ვამბობ, ჩვენი სამინისტროს კარი მაქსიმალურად ყველასთვის ღიაა.
ინვესტორი კომპანიის „ტრანს ელექტრიკას“ ოფისში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან არანაირი ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ. ინვესტორი კომპანია ერთი თვის წინ საკუთარი ინიციატივით შეხვდა სახალხო დამცველს და მისი ოფისის წარმომადგენლებს ხუდონჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ვრცელი მასალა გადასცა.