„განათლებული მომავლისთვის“  და ...  დაუვიწყარი  მოგონებები  დიდი ბრიტანეთიდან

„განათლებული მომავლისთვის“ და ... დაუვიწყარი მოგონებები დიდი ბრიტანეთიდან

ინგლისური ენა მსოფლიოს დაახლოებით 300 მილიონი ადამიანისთვის მშობლიურია, ხოლო 500 მილიონისთვის  ის მეორე ენას წარმოადგენს. ამიტომაც საკვირველი არაფერია,  რომ ინგლისურის გამართულად ფლობა ჩვენს ქვეყანაშიც ყველაზე მოთხოვნადია და წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა  ნებისმიერი ასაკისა თუ სოციალური ჯგუფის ადამიანისთვის. შესაბამისად, აუცილებელია  ამ  მეტად მნიშვნელოვანი ენის შესწავლის წახალისება და მხარდაჭერა,  როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდანაც.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება „წყალი მარგებელის“ პროექტი „განათლებული მომავლისათვის“, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება. პროექტი ძირითადად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  მოსწავლეებზეა ორიენტირებული. განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ეროვნული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, "წყალი მარგებელი" ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამ მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში ორკვირიანი ენის კურსით აჯილდოვებს. ინგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს, ექსკურსიებისა და სხვა სახის აქტივობებს კომპანია აფინანსებს. წელს ეროვნული ოლიმპიადის საბოლოო შედეგები 2 მაისს გახდება ცნობილი.

კომპანია „წყალი მარგებელმა“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწვალეებისთვის ინგლისურ ენაში განათლების ამაღლებისა და წახალისების მიზნით, სპეციალური პროექტი „განათლებული მომავლისთვის“ 2013 წელს შეიმუშავა. შარშან მოსწავლეები განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ეროვნული ოლიმპიადის შედეგების მიხედვით შეირჩა. რეიტინგის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე - გვანცა ცინცაძე (53 ქულა), ლუკა ყაჭეიშვილი (50 ქულა) და მაგდა მამალაძე (45 ქულა) 2013 წლის აგვისტოში, დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსებზე გაემგზავრნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საპილოტო პროექტი, რომელმაც ყოველწლიური სახე მიიღო და წელსაც გრძელდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რადგან  სწორედ განათლებულ ინდივიდებს შეუძლიათ შექმნან ფასეულობა საკუთარი ქვეყნისთვის და მათზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაც. განათლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ინგლისური ენის შესწავლა ძალზედ მნიშვნელოვანია მომავალში კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მოსწავლეები დაინტერესდებიან ჩვენი პროექტით და ჩაერთვებიან მასში. ჩვენი მხრიდან კი პირობას ვდებთ , რომ მომავალშიც ძალისხმევას არ დავიშურებთ განათლებული მომავლის შესაქმნელად ზრუნვაზე“ -  აცხადებს „წყალი მარგებელის“ დირექტორი გია გოგოლაძე.

„ეს ჩვეულებრივი მოვლენა ვერ იქნებოდა ჩვენს  ცხოვრებაში, რომ არა კომპანია "წყალი მარგებელის" არაჩვეულებრივი სიურპრიზი -  წარმატებული მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში საზაფხულო სკოლაში გაგვიშვა და  სწავლის, მოგზაურობის ყველა ხარჯი თავად გადაიხადა..“ - იხსენებენ წარჩინებულები.

ბრიტანეთიდან დაბრუნებული მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს იყო დაუვიწყარი ორი კვირა, რომელმაც მათ ბევრი რამ ასწავლა.

მაგდა მამალაძე, ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე:  EC LONDON school  - სკოლა, სადაც 2 კვირა გავატარე, არასდროს დამავიწყდება. პროფესიონალი, მხიარული მასწავლებლები, საინტერესო გაკვეთილები, სწავლისთვის საჭირო გარემო... და, რაც მთავარია, ინგლისური ენის არაჩვეულებრივი პრაქტიკა. გავიცანი უამრავი თანატოლი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ვცხოვრობდი არაჩვეულებრივ ოჯახში, რომლის ყველა წევრი ცდილობდა თბილი გარემო შეექმნა ჩემთვის.

ძალიან შემიყვარდა ლონდონი, თავისი წითელი ავტობუსებით, ტელეფონის ჯიხურებით, თავაზიანი ხალხით, უზარმაზარი მეტროსადგურებით. ვნახე ლონდონის ეროვნული გალერეა. არასდროს დამავიწყდება ლეონარდო და ვინჩის, ვან გოგის, მონეს, მანეს, რენუარის, პიკასოს, ალფრედ სისლეის ნამუშევრებით გამოწვეული ემოციები. მიუხედავად იმისა, რომ ნახატების უმეტესობა სხვადასხვა გამოცემაში ნანახი მქონდა, ჩემზე სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა ორიგინალების ნახვამ. ვესტუმრეთ ბრიტანეთის მუზეუმს, სადაც მთელი მსოფლიოს ისტორიაა თავმოყრილი და ძველი ეგვიპტის, რომის, ელადურ ძეგლებთან ერთად, დავით IV აღმაშენებლის სპილენძის უნიკალური მონეტაც ინახება. ვნახეთ მადამ ტუსოს მუზეუმი. შესაძლებლობა მქონდა საკუთარი თვალით მენახა ცნობილი ისტორიული პირების, მეცნიერების, კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავების, თქვენ წარმოიდგინეთ, განგსტერებისაც კი, ცვილის ფიგურები. თმის ფერი, სახის ნაკვთები, ვარცხნილობა ყველაფერი რეალურთან დაახლოებული და თითქმის ანალოგიური იყო. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა იდგე აინშტაინის, პიკასოს, ვან გოგის, მაჰათმა განდის, ჩერჩილის, შექსპირის, ბრიტანეთის დედოფლის, თუნდაც მსოფლიოს მრავალ გზის ჩემპიონ ჰუსეინ ბოლტის, პელეს გვერდით. მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა მთელი ლონდონი "ლონდონის თვალიდან", რომელიც ყველაზე დიდი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში და სრული ბრუნის შესრულებას 40 წუთს ანდომებს. ასევე დავათვალიერეთ ლონდონის ხიდი, უესტმინსტერის სააბატო, ტრაფალგარის მოედანი, ვიყავით ოქსფორდის ქუჩაზე, გრინვიჩის ობსერვატორიაში, ჰაიდ პარკში. დასვენების დღეს ვესტუმრეთ საზღვაო ქალაქ ბრაიტონს, რომელიც ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, ლა-მანშის სრუტესთან მდებარეობს. არასდროს დამავიწყდება ამ მშვენიერ, ხმაურიან, მხიარულ ქალაქში გატარებული ყოველი დღე... ამას, ყველაფერს კომპანია "წყალი მარგებელს" უნდა ვუმადლოდე. ის, რომ ჩემი პირველი მოგზაურობა და სწავლა საქართველოს გარეთ ასე მშვენიერი გამოდგა, ამ კომპანიის დამსახურებაა და დიდი მადლობა მას ამისთვის. გამგზავრების წინ და ჩამოსვლის დროს შეგვხვდნენ ბატონი მიხეილ სვიმონიშვილი და გია გოგოლაძე. მათ აინტერესებდათ როგორი იყო ჩვენი ვიზიტი ლონდონში, იყო თუ არა სასარგებლო ინგლისური ენის შესწავლისთვის”