აქცია - პრეზენტაცია „მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ“
6 თებერვალს, 19:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „აქსის შოპინგში“ (მის: ყაზბეგის ქ.24) ეკატერინე ტოგონიძის რომანის Aსინქრონის პრეზენტაცია გაიმართება.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება რომანის თემატიკაზე მხატვარ ქართლოს კახიძის მიერ შექმნილი ინსტალაციები და ჩანახატები. სტუმრებისთვის უფრო ხელშესახები გახდება წიგნში გადმოცემული თეები და მოტივები, მთავარი გიმრების ცხოვრება და მათი ნივთები. რომანის ერთ-ერთ ეპიზოდს გააცოცხლებს მოძრაობის თეატრი. ღონისძიებას მწერალი თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვება.
პრეზენტაცია საქველმოქმედო ხასიათისაა და აერთიანებს ხელოვნებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთი მიზნისთვის, - გამოხატონ მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მიმართ და აქციაში მონაწილეობით დააფიქსირონ პოზიცია „მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ“.
წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე ტრენინგის მომზადებას, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ღონისძიების ფარგლებში მოძიებული თანხით, - კომპანია „ჯეოსელის“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ სპონსორობით, ასევე „New Life Global Network”-ის თანადაფინანსებით დიდი თალასემიის მქონე ორ გოგონას დაუფინანსდება ორთვიანი მედიკამენტოზური მკურნალობა; „შატო მუხრანის“ ორგანიზებით მოზარდებისათვის (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთათვის) მოეწყობა ინკლუზიური ექსკურსია.
დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.