სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მთაწმინდის რაიონში - ოქროყანასა და ბესიკის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღები, ცაბაძის ქუჩაზე - შპს "თერგი I", შალვა დადიანის ქუჩაზე - შპს "ველიამინოვი", "ლილო მოლის" ტერიტორიაზე - შპს "აგრო" და გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ი/მ "მარიამ გელაშვილი" რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 400 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს გეგმური ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდათ - შემოწმდა ნედლეული, რომლებიც გამოიყენება სურსათისსაწარმოებლად; სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები და სხვ. არაკრიტიკული შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად ბიზნესოპერატორებს მიეცათ გონივრული ვადა, თუმცა, რეკომენდაციების შეუსრულებლობისათვის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ისინი დაჯარიმდნენ.
გარდა ამისა, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მონიტორინგის ფარგლებში დააჯარიმეს ი/მ "გიორგი დემეტრაშვილი" და ი/მ "ხვიჩა დუგლაძე", რომლებიც ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდნენ სურსათის წარმოება-დისტრიბუციას, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით.