ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებასა თუ მედიაში განსაკუთრებული აჟიოტაჟია ატეხილი იმის შესახებ, უნდა აშენდეს თუ არა ხუდონი. მსჯელობის და კამათის დროს უნდა დავეყრდნოთ სპეციალისტების არგუმენტებს, არ უნდა ხდებოდეს კონკრეტული კვლევების და ანალიზის გვერდზე გადაწევა.
მსოფლიოში ელექტროენერგიის მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენ გვაქვს დიდი ჰიდრორესურსი, მაგრამ რისი მიღებაც შეგვიძლია, ამის გამოყენება დღეს სრულად არ ხდება. ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა ის გზა, რაც საქართველოს გასავლელი აქვს. ხუდონით ვღებულობთ იაფ ელექტროენერგიას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს, დამატებით სამუშაო ადგილებს. მოსაგვარებელი რჩება ყველაზე სენსიტიური საკითხი - განსახლების თემა.
ამ პროექტის შესახებ კომენტარები ვთხოვეთ პოლიტიკოსებს.
კახა ბუცხრიკიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
ხუდონჰესის მშენებლობას აუცილებლად მხარს ვუჭერ. დიდია პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. თუმცა, მიმაჩნია, რომ მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული, ხოლო ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების შესწავლა საფუძვლიანად უნდა მოხდეს. აუცილებელია დაიდოს დასკვნა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელს ასახავს. ეს საკითხი სპეციალისტების მხრიდან საგანგებო შესწავლას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ პროექტზე უარის თქმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის ცუდი ნიშანი იქნება. ვფიქრობ, ხელისუფლება პროექტის განხორციელების პროცესში მაღალი დონის სპეციალისტებს ჩართავს და ენერგეტიკული განვითარების მიმართულებით ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს.
ირინა იმერლიშვილი, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი:
სამწუხაროდ, ჩემთვის ხუდონჰესი ის თემაა, რომლის შესახებაც კონკრეტული მონაცემები არ მომეპოვება. ხელისუფლება ამ საკითხს ერთიანად იხილავს. დეტალებში ვერ დავკონკრეტდები, არ მინდა არაკომპეტენტური ვიყო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ ამ თემაზე არ ვსაუბრობ მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვარ ჩახედული და დარწმუნებული ჩემი ნათქვამის სიზუსტეში.
გიგა ბუკია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
ხუდონჰესთან დაკავშირებულ პროექტს კარგად ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მომავალი თაობისთვის კეთდება. არა მარტო ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხუდონჰესის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარების მხრივაც. ამის პირობას იძლევა საექსპორტო პოტენციალი, რომელსაც ხუდონჰესი, მისი განხორციელების შემთხვევაში მოგვცემს.
ენერგეტიკის მინისტრისა და პრემიერის მხრიდანაც არაერთხელ მომისმენია, რომ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სტანდარტი და მოთხოვნა, რომელსაც ჰესის მშენებლობა საჭიროებს. ამასთან, ადამიანურად მესმის იმ ხალხის, რომლებიც ხაიშის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. გასაგებია მათი მდგომარეობა, მაგრამ პროექტი საბოლოოდ მაინც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. ეს არ არის რომელიმე მხარის გადასაწყვეტი, საქართველოს მომავლისთვის ორიენტირებული პროექტია და ნებისმიერი ჩვენგანის ინტერესიც აქედან უნდა გამომდინარეობდეს.