დღეს, ხაიშში გამართული შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, სასაჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ, ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა.
ხაიშის თემის იმ ნაწილმა, რომელიც მიწების დარეგისტრირების მიზნით აზომვითი სამუშაობის ჩატარებას აპროტესტებს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რადგანაც ხელისუფლებისთვის ხუდონჰესის პროექტი უმნიშვნელოვანესია, მთლიანად სვანეთის უხუცესებმა და საკრებულოს წევრებმა იმსჯელონ ამ საკითხზე.
მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე შეხვედრასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა. დათქმული გვაქვს, რომ 6 თებერვალს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და რაღაცა გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ გარკვეული მიზეზების გამო. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ერთ დღეში არ ხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხუდონჰესის თემა არა მარტო ხაიშელებს ეხება, არამედ მთლიანად კუთხეს. ალბათ ყველა სოფლის წარმომადგენელი შეიკრიბება და რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისი კერძო საკუთრება დაიცვას. სხვათაშორის, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ნებისმიერი კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. ეს ხელისუფლება არის მოსახლეობაზე ორიენტირებული და არა ტერორზე, როგორც წინა ხელისუფლება."
- როგორც ვიცით, შეხვედრას შეფიცულებიც ესწრებოდნენ. იყო საუბარი იმაზე, რომ თუ სახელმწიფოსთან მოილაპარაკებდნენ, ფიცს უკან წაიღებდნენ?
- რა თქმა უნდა, შეხვედრაზე იყვნენ შეფიცულები. მანდ, ალბათ, საპატრიარქოც ჩაერევა და ყველა ერთად. რაღაცა კომპრომისზე მიდის საუბარი ... 6 თებერვალს გეტყვით რა მოხდება.