სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის პოზიცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის ხუდონჰესის განხორციელებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია. ამ საკითხზე 2 დღის წინ ხაიშში გამართული შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, სასაჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ, ასევე ბუნდოვანი შედეგით დასრულდა. სოზარ სუბარი ხაიშის მოსახლეობას შარშან ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთადაც შეხვდა. სუბარის პოზიცია პრემიერმინისტრ ივანიშვილის გვერდით და მისივე პოზიცია მაჟორიტარ ჯაფარიძის გვერდით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
1 თებერვლის შეხვედრის შემდეგ, სოზარ სუბარმა „გურიანიუსის“ ჟურნალისტს განუცხადა: „ მე პირადად ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩემი სოფელი ჭუბერი ხაიშიდან 8 კილომეტრში მდებარეობს, ჩემი სახლი დღესაც იქაა და ხაიშელების ინტერესი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."
რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც მაშინდელ პრემიერმინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხაიშელებს ხვდებოდა, ხუდონჰესის აშენებაზე მან შემდეგი განცხადება გააკეთა: “ხაიშის მეზობელი სოფელია ჭუბერი, ჩემი სოფელი, მისი ნაწილიც იტბორება. ბატონ ბიძინას გვერდით მე ვიდექი მაშინ... მაგრამ ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკა.”
მაშინ, როდესაც სუბარი პრემიერის გვერდით იდგა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „რომ ამბობენ, რა მოხდებოდა ხაიშის ნაცვლად რომ ჭორვილა ყოფილიყოო, ჭორვილასაც გავწირავდი, რომ ჩემს ქვეყანას უკეთესად ეცხოვრებოდეს. ესაა ხუდონჰესის შემთხვევაშიც, ეს ის შემთხვევაა, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ახსნით სვანები გაიგებენ, რომ ეს მათი ქვეყნის განვითარებას, მათი შვილების მომავალს სჭირდება და ამას ამ კუთხით უნდა მივუდგეთ.“
შეიძლება არც არის გასაკვირი სასჯელაღსრულების მინისტრის პოზიციის ხშირი ცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ მის შარშან გაკეთებულ ერთ განცხადებას გავიხსენებთ, რომელიც რამდენიმე გამოცემამ გამოაქვეყნა - “ხალხს თუ არ უნდა, ენგურჰესსაც ავიღებთ და სანთლებზე გადავალთ და ასე გავინათებთ სახლებს.“
საინტერესოა რა პოზიცია ექნება სოზარ სუბარს, თუ ის ახლანდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეხვდება ხაიშის მოსახლეობას.