როგორც ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “პირWელთან” საუბრისას აღნიშნავს, ის მიესალმება ხელისუფლების არაგამომწვევ პოლიტიკას რუსეთთან, რათა მან კიდევ ერთხელ არ დაანგრიოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
ექსპერტი თვლის, რომ თუკი საქართველო რუსეთთან კონფრონტაციულ ნაბიჯებს გადადგამს, ამას ვერც დასავლეთი მოიწონებს, რადგან დასავლეთი მზად არ არის, დაიცვას საქართველოს ინტერესები.
“ამოსავალი საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებაში, ბუნებრივია, უნდა იყოს სახელმწიფოს ინეტერესი, დღეს საქართველოს ინტერესია, ჩვენს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, თუნდაც ის, რაც ხდება უკრაინაში, თუნდაც ის, როგორი თავშეკავებითაც ხვდება ევროკავშირი და ამერიკა უკრაინაში რუსეთის გააქტიურებას. დღეს საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ როგორმე დრო მოიგოს და სულ მცირე შეინარჩუნოს ის პოზიციები, რაც მას დღეს აქვს თუნდაც იგივე რუსეთთან ურთიერთობაში. დღეს, ჩვენი მხრიდან რუსეთის გამომწვევი და გამაღიზიანებელი ნებისმიერი ქმედება არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთი ფაქტია, რომ მზად არ არის დაიცვას არამცთუ საქართველოს, არამედ უკრაინის ინტერესებიც, ასეთ პირობებში საქართველოს მხრიდან ნებისმიერი გამაღიზიანებელი და გამომწვევი ნაბიჯი რუსეთის მიმართულებით იქნება ხარაკირის ტოლფასი. ამიტომ რა თქმა უნდა, მე მესმის როდესაც საქართველოს ხელისუფლება დგამს მაქსიმალურად ფრთხილ ნაბიჯებს შექმნილ ვითარებაში. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩემთვის სრულიად გასაგებია, ის მაქსიმალურად მოზომილი და ფრთხილი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დღეს რუსეთთან მიმართებაში აკეთებს”, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, “დასავლეთმა ყველაფრით აჩვენა, რომ დღეს მას არ სჭირდება ზედმეტი გართულებები და ის არანაირად არ მიესალმება დღეს საქართველოს მხრიდან კონფრონტაციულ ნაბიჯებს რუსეთისკენ, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგები შეიძლება, მოიტანოს არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც და შეცვალოს ევროპის თანამედროვე არქიტექტურა”.
“დღეს რუსეთი მზად არის ნებისმიერი ტიპის აგრესიული ქმედებისთვის, რადგან იცის, რომ დასავლეთს ძალიან შეზღუდული აქვს რესურსები მასზე საპასუხოდ. ამიტომ არაფერს განსაკუთრებულს და საგანგაშოს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს საკუთარი ნებით ხარაკინს არ იკეთებს და რუსეთს არ იწვევს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაანგრიოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ვერაფერს ვხედავ და უფრო მეტიც, სწორედ, რომ მისაღებია ამ ეტაპზე ასეთი პოლიტიკა. მთავარია, რომ არ გამოვიწვიოთ ახალი რუსული აგრესია ჩვენი დაუფიქრებელი, ემოციური ქმედებებით, ეს არის პროგრამა მინიმუმი. ამიტომ ჯობია ვიყოთ ფრთხილები, ვიდრე ვიყოთ წინდაუხედავები. მითუმეტეს როდესაც საქმე გვაქვს ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიც რუსეთია და მითუმეტეს, როცა რეალურად ვერ დგას დღეს ჩვენ გვერდით ვერცერთი ევროპული სახელმწიფო”,- განაცხადა ლაგაზიძემ.