ბერი ერმოლაოსი : "ტაძარში ფიცის რიტუალის ჩატარება ყოვლად დაუშვებელია"
სვანეთში დაფიცების პრეცენდენტები გახშირდა. დაახლოებით ორი კვირის წინ, ხაიშის მოსახლეობის ნაწილმა კვლავ დაიფიცა ხატზე, უკვე მესამედ. დაწერეს ფიცის წერილი და ხელი მოაწერეს. როგორც წესი, ხატზე ფიცის დროს, არანაირი წერილი არ იწერებოდა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ბოლო დაფიცების რიტუალი წყევლით დასრულდა. რა დატვირთვა აქვს ხატზე ფიცის დადებას და რამდენად მართლმადიდებლურია ეს რიტუალი?
"ხატზე დაფიცების რიტუალი ისეთივე მკაცრი და ძველისძველი იყო სვანეთში, როგორიც სისხლის აღება. ხატზე დაფიცება საკმაოდ რთული პროცესია, რომელსაც წინ უძღვის სხვა რიტუალები, მათ შორის – მისჯა. დაფიცების რიტუალში მონაწილეობას იღებენ შუამავლები, მოციქულები, რომლებიც არკვევენ დეტალებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა. ისინი ორივე დაპირისპირებულთან მიდიან და შეაჯერებენ იმ ინფორმაციას, რასაც ამ მხარეებიდან გამოიტანენ. შემდეგ შუამავლები მიდიან კუნძულზე, რომელსაც ორი მდინარე ჩამოუდის. მოციქულები ამ კუნძულზე რჩებიან მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათ სხვა ადამიანებთან კავშირი არ უნდა ჰქონდეთ, პურსა და შაშხსაც თოკზე და ქვაზე გამობმულს აწვდიან. როცა კუნძულზე გადაწყდება სამართალი, მერე იწყება დაფიცების რიტუალი. დამფიცებელთა რაოდენობა შეიძლება იყოს ექვსი, ცხრა, თორმეტი, რაც ნიშნავდა "თორმეტ თავკაცს." რაც უფრო დიდია საქმე, მით უფრო ბევრია დამფიცებელი. სვანი კაცი ვერაფრით ვერ გაბედავს ტყუილზე ხატზე დაფიცებას. ამ რიტუალს სვანეთში დღემდე უდიდეს პატივს სცემენ." _ ასე აღწერენ ამ რიტუალს სვანეთში.
რას ფიქრობენ დღეს ამ რიტუალის ჩატარებაზე სასულიერო პირები და რამდენად მართლმადიდებლურია ასეთი ქცევა მრევლის მხრიდან. შეიძლება თუ არა მსგავსი აქციების ჩატარება ეკლესიის, ტაძრის ტერიტორიაზე.
მამა პეტრე (კვარაცხელია) სვეტიცხოველის საკათედრო ტაძატარი:
"მორწმუნე ადამიანისთვის არ უნდა არსებობდეს ზედმეტი კითხვები და პასუხები. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: ვისთვის ჰო უნდა იყოს - ჰო. ვისთვის არა უნდა იყოს - არა. ის რომ წყევლა და დაფიცება არ არის ქრისტიანული, ამაზე უკვე არავინ დავობს. ვინც გათვითცნობიერებული არის სახარებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში მათთვის სხვა, უფრო ძვირფასი მარადიული ღირებულებები არსებობს. ეს ღირებულებები დაფუძნებული არის წმინდა წერილზე, საეკლესიო სწავლებაზე და აქედან გამომდინარე, არაფრით არ შეიძლება მორწმუნე ადამიანმა ისეთი ცხოვრების წესით იცხოვროს, რასაც ქვია წყევლა, ხატზე დაფიცება, ფიცი-მტკიცი. პირიქით, ამას ყოველთვის უარყოფდა ეკლესია, საეკლესიო გადმოცემა და გამოცდილება. ის რაც საუკუნეების წინ ეკლესიისთვის და ეკლესიური სწავლებისთვის მიუღებელი იყო, ყოველთვის ასე იქნება, ქვეყნის აღსასრულამდე. ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს რა არის მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანი. ის კი არ არის მთავარი, ადამიანს ვენდობით თუ არ ვენდობით, არამედ ჩვენ რისი გვწამს და გვჯერა. თუ ჩვენთან არის ღმერთი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ჩვენს წინააღმდეგ. თუნდაც იყოს წყევლა, ის მორწმუნე ადამიანზე არ მოქმედებს. მორწმუნე ადამიანისთვის უმთავრესი არის უფლის მოწყალება, უფლის მცნების აღსრულება და სახარებისეულად ცხოვრება.
ეს არ არის ეკლესიური ტრადიცია. ძირითადად ეს არის კუთხის, მთის ხალხის, გვარის ჩვეულება, ანუ იგივე ტრადიცია, რაც ჩვენს ქვეყანაში დასაბამს იღებს სააუკუნეების წინა პერიოდიდან. იგივე მეორდება დღესაც. თავისთავად ეს აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ეკლესიურ ცხოვრებასთან. ხატზე დაფიცება ეს არის წარმართული ტრადიცია - რასაც დღესაც ასრულებენ სვანეთში. თავისთავად ეს არის მიუღებელი. შეუძლებელია, როდესაც საღვთო ლიტურგია ტარდება ტაძარში შიგნით, ვგულისხმობ კვირიკობის დღესასწაულს, რაც არის სვანებისთვის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საყოველთაო სახალხო დღესასწაული, ხდებოდეს ფიცის დადება. შიგნით, თუ რომელიმე ღვთის მსახური საღვთო ლიტურგიას აღასრულებს, გარეთ, სვანური წეს-ჩვეულებების თანახმად, ისინი ზარს რეკავენ, იხსენიებენ ვიღაცის სახელსა და გვარს, ხან წყევლიან, ხან ლოცავენ - ეს ყველაფერი არის წარმართული. ამ ყველაფერს არ შეიძლება საერთო ქონდეს ეკლესიურ სწავლებასთან. ის რაც ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგება, თავისთავად დასაგმობია.
მამა თეოდორე გიგნაძე, ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი:
"დაფიცებასთან დაკავშირებით, ქრისტიანობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, იოანე ოქროპირს მთელი თავები აქვს მიძღვნილი, რომ დაფიცება ძალიან ცუდი ჩვევაა, რომელსაც წარმართულ სამყაროში ქონდა ადგილი. ქრისტიანობაში მიჩნეულია ამპარტავნების ერთ-ერთ გამოვლინებად. იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცას იფიცება ასე ვიზამ და ისე ვიზამ, მე შემიძლია ეს გავაკეთო, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ის ერთერთი მძიმე ცოდვა და ვნებაა ადამიანის სულში. რომელიც ყველას აქვს ქრისტიანსაც და არა ქრისტიანსაც.
ქრისტიანმა უნდა ებრძოლოს და იცოდეს, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ხშირად არის მოტივაცია ფიცისა. ან გულუბრყვილობა, რომელიც სიღრმისეულად პრინციპში აქედან იკვებება. ადამიანი დაიფიცებს, რომ იცი მე ამას გავაკეთებ და ჩემი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ. ამიტომ უფალი არ იფიცება, უფალი გვასწავლის, თქვენი სიტყვა უყოს: ხო და არა! ამაზე მეტს თუ დაიწყებ, უფალი პირდაპირ ამბობს, უკეთურისგან არიო.
რაც შეეხება ხატზე გადაცემას, ეს ტრადიციები უფრო მთებშია შემორჩენილი. ამ ტრადიციას კარგად არ ვიცნობ. მაგრამ, მე მეეჭვება რამე კარგი ელფერი ქონდეს. ქრისტიანობაში დიდი სათნოებაა უფალზე მინდობა. საშინელებაა, როცა საკუთარ თავს მიენდობი. ხატზე გადაცემაში, სწორედ საკუთარ თავზე მინდობაა.
რაც შეეხება წყევლას, არსებობს ანათემის და შეჩვენების გარკვეული ფორმები. უფალი ამბობს: ვისაც გახსნი ქვეყანასა ზედა, გაიხსნება ზეცას. ვისაც შეკრავთ, შეიკვრება ზეცაში. ამ ძალაუფლებიდან გამომდინარე, არსებობს ანათემა. გაიხსენეთ, პავლე მოციქული ამბობს: ვისაც არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესი ქრისტე, შეჩვენებულ იყავ! ასევე არსებობს საეკლესიო ანათემა, რომელიც პავლე მოციქულის ამ სიტყვებს ეყრდნობა. მაგრამ, აქ არის ერთი ნიუანსი. არ არსებობს წყევლა და შეჩვენება, ამ სიტყვის საერო გაგებით. ანუ "დედაბრული" წყევლა-კრულვა, რომ ქვია ასეთი რამე ეკლესიაში არ არსებობს. საეკლესიო შეჩვენება და ანათემა, რომელსაც ზოგიერთი წყევლას ეძახის და რაც უცხოა ეკლესიისთვის, ეს არის არა ადამიანის ბედზე ზემოქმედება, არამედ ეს არის ადამიანის ცუდი ცხოვრების ფაქტის კონსტანტაცია.
ჯერ თავისთავად "დედაბრული" წყევლა-კრულვა მიუღებელია და სიმართლესს რომ რაღაცაში იყოს, არ შეიძლება მისი ასე გამოყენება, თუ ის ანტიმისიონერულია.
ჩემი აზრით, მეტნაკლებად დღევანდელი ტრადიციები, მთის ტრადიცია იქნება, თუ სხვა გარკვეული ტრადიციები, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაშია და არ მოდის ქრისტიანობასთან, რაღაც უზნეობას არ ქადაგებს, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი აშკარა დაპირისპირება შეიძლება არ იყოს მართალი. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ესა თუ ის საზოგადოება ამ ეტაპზე ცხოვრობს გარკვეული ტრადიციით და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებთან რამე კონტაქტი დავამყაროთ. არ შეიძლება უგულებელყოფა არც ხელისუფლებიდან, არც ეკლესიიდან ამა თუ იმ ხალხის, რეგიონის ტრადიციების. თორემ, უბრალოდ არ მოგვისმენენ. არც ხელისუფლებას და არც სასულიერო პირებს. ჩვენ ვიძახოთ მართლები ვართ. სინამდვილეში კი კონტაქტი არ შედგება.
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), ათონის მონასტერში მოღვაწე ბერი:
" ეს წარმართობის გადმონაშთია და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. მე არაფერი ვიცი ასეთი რიტუალების შესახებ. ათონზე ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია. ტაძარში მსგავსი რიტუალის ჩატარება ყოვლად დაუშვებელია.
მამა გრიგოლი , აბასთუმნის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი:
"ხატზე დაფიცება მთებშია შემორჩენილი. ეს არის წესჩეულება. რომელსაც თავის წინა პირობები აქვს. თუმცა, მართლმადიდებლობაში თვითონ სახარება გეუბნება: არავითარი ფიცი. ჰო იყოს შენდა ჰო და არა უნდა იყოს არა.
დაფიცება არის რაღაც დამარწმუნებელი ნიშანი სხვასთან მიმართებაში. ანუ პუბლიკაზე მუშაობ იმისთვის, რომ ვიღაცამ გაიგოს, რომ ვიღაცას ასე უზამ. ღმერთი თვითონ გვეუბნება, ნუ დაიფიცებთ ნურც ცას, ნურც დედამიწას, რადგან ქვეყნად ყველაფერი ღმერთის ქმნილებაა და ყველაფერი იქამდე მიდის. არასდროს შევსწრებივარ რიტუალის ფორმას, როდესაც ვინმეს ხატზე დაუფიცებია რამე. ჯარისკაცებიც დებენ ფიცს. მაგრამ, ისინი დებენ ფიცს, რომ ემსახურება თავის სამშობლოს. მედიცინის მუშაკებიც დებენ ფიცს, რომ ემსახურებიან ყველას მტერი იქნება თუ მოყვარე, ვისაც განკურნება ჭირდება. მართლმადიდებელს ფიცი არ ჭირდება. იგი სიყვარულში ცხოვრობს. სახარებისეული მცნება აქვს მოცემული. არ უნდა დაიფიცოს. მას ფიცისა და მტკიცის გარეშე შეუძლია გააკეთოს ყველაფერი.
წყევლა არის საშინელება. მითუმეტეს თუ ხატთან ხდება. იყო შემთხვევები, მაგრამ ეს I და II საუკუნეში ხდებოდა. შეაჩვენებდნენ მწვალებლებს. მაგრამ, ხატის წინ არა. საეკლესიო კრება ადგენდა და ერესს, ანუ მწვალებლებს შეაჩვენებდა.
იცით, არ მიფიქრია, რომ ხატზე დაფიცების რიტუალი დღესაც იყო. ეს ერის, ხალხის პრობლემაა. ხატზე დაფიცება ასეთი აქტუალური თემა თუ იყო არ მეგონა. ჩვენთან მონასტრებში ასეთი რამე არ ხდება. მაინტერესებს რატომ გახდა ხატზე დაფიცება აქტუალური საკითხი?
დაფიცება სახარებისეული არ არის.