ხუდონჰესის მშენებლობის განახლება-არგანახლების თემაზე კამათი გრძელდება. ამ საკითხზე სხვადასხვა წრეებში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. საზოგადოებაშიც აზრი ორადაა გაყოფილი. სპეციალისტების და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება ქართული ენერგოსისტემისთვის მომგებიანია და შესაბამისად ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს.
პაატა ბარათაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
ხუდონჰესის მშენებლობას მხარს ვუჭერ, რადგან გიგანტური ჰესების მშენებლობის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ვერ წარმომიდგენია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება დასაქმების მაჩვენებელი, გაჩნდება რეალური სამუშაო ადგილები. ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ არსებული რესურსები არასაკმარისია და დამატებითი საშუალებები უნდა გამოიძებნოს. ამისთვის ხუდონის მშენებლობა უალტერნატივოა. 5-6 წლის შემდეგ უფრო მივხვდებით ამ პროექტის აუცილებლობას და თავს ვერ ვაპატიებთ, თუ მასზე უარს ვიტყვით. ასეთი რამ არ უნდა დავუშვათ.
მესმის, რომ ხალხის ინტერესებიც გასათვალისწინებელია. როგორმე უნდა შევძლოთ სვანი ხალხის დარწმუნება ხუდონის მშენებლობის აუცილებლობაში. საერთო ენა, ალბათ გამოინახება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ,,არც მწვადი დავწვათ და არც შამფური.
თემურ მაისურაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
დიდი თუ პატარა ჰესები – ამ საკითხს ასე არ განვიხილავ. ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემები არსებობს და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად ყველა გზა უნდა გამოიძებნოს. თუმცა, ხუდონის შემთხვევაში, ჩემი პოზიციის ცალსახად დაფიქსირება გამიჭირდება. გონივრულად უნდა მოხდეს შედეგის გათვლა და პროექტის განსახორციელებლად სწორი გზა გამოინახოს. ნაკლებად ვიცი კონკრეტულად რომელი ვარიანტები განიხილება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ სწორ არჩევანს გააკეთებენ.
გელა გელაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
მხარს ვუჭერ ხუდონჰესის მშენებლობას, ამ მხრივ ჩემი პოზიცია ნათელია. ერთხელ და საბოლოოდ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ჰესების მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. გვაქვს რესურსი და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. როცა ქვეყანას აქვს შანსი, ჰქონდეს იაფი ელექტროენერგია, ეს დასაკარგი ნამდვილად არ არის. არ მიმაჩნია, რომ გიგანტური ჰესია, ხუდონი ასეთი მასშტაბის ნამდვილად არ არის. ასევე გადაჭარბებულია ყველა ის შეფასება, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შესახებ გვესმის. ამ პროექტის სარგებელი იმდენად დიდია, რომ არ მესმის ადამიანების, ვინც უარს ამბობს ხუდონის მშენებლობაზე. განსაკუთრებით სვანების პოზიცია მაკვირვებს. ვფიქრობ, ხალხი არ არის სწორად ინფორმირებული. სვანეთის ბიუჯეტისთვის ხუდონჰესის მშენებლობას იმდენად დიდი შედეგი აქვს, რომ მარტო ამ სარგებლისთვის შეიძლება ამ პროექტის მხარდაჭერა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. მოსახლეობის საფუძვლიანი ინფორმირება უნდა შევძლოთ, რომ ყველას ბოლომდე ჰქონდეს პროექტის სარგებლიანობა გაცნობიერებული.