ხუდონჰესი  იქნება  თუ სხვა  ნებისმიერი ჰესი, აუცილებელია რომ აშენდეს!

ხუდონჰესი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ჰესი, აუცილებელია რომ აშენდეს!

„ნებისმიერი მსხვილი ინვესტორი, ქვეყანაში რომ შემოდის, რა თქმა უნდა,  მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, მოლაპარაკება კი უკვე  დიდი ხანია გრძელდება, რაც არ არის სასიამოვნო. თუ არ მოგწონს  პროექტი, მაშინ თავის დროზე უნდა უთხრა ამის შესახებ ინვესტორს  და სხვა ალტერნატივა შესთავაზო“ - აცხადებს  ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, “ნაციონალური მოძრაობის”  წევრი გიორგი გოდაბრელიძე და მთავრობას ამ მიმართულებით აქტიური  მუშაობისკენ მოუწოდებს.

პირველ რიგში, გვაინტერესებს თქვენი შეფასება ხუდონჰესთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ეს ჰესი?

ხუდონჰესი ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის. მაგრამ აქ არის  მეორე მომენტი, კერძოდ ის, თუ რა ზიანს და ზარალს მიაყენებს  ამ ჰესის მშენებლობა გარემოს და ადგილობრივ მოსახლეობას. ეს კი  აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. მედალს აქვს ორი მხარე და  მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარის გაანალიზება მოხდეს. თუმცა  ის, რომ მეტი ენერგია კარგია, ორი აზრი არ არსებობს. ამიტომ ყველაფერი ძალიან დეტალურად უნდა იყოს ახსნილი და გაკეთებული, თორემ, ენერგია რომ გვჭირდება ფაქტია,  ჰიდრორესურსი კი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი რესურსი სხვასთან შედარებით და თანაც, ეს რესურსი ჩვენ გვაქვს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხუდონჰესი ის მსხვილი ენერგეტიკული პროექტია, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას  გაზრდის და ის გახდება ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი.  ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილის ამ პოზიციას?

არ ვიცი, რას ფიქრობს ღარიბაშვილი ხუდონჰესთან დაკავშირებით, მაგრამ ხუდონჰესი იქნება ეს თუ სხვა  ნებისმიერი ჰესი, აუცილებელია, რომ აშენდეს! ვიცით, რომ  ენერგეტიკის სამინისტრო კიდევ რამდენიმე კასკადზე აწარმოებს  მოლაპარაკებებს. ხუდონი ერთ-ერთი დიდი პროექტია, მაგრამ კიდევ  ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს ყველას ინტერესი გათვალისწინებული. იქ ეკლესიაა, ადამიანებია, საფლავებია, ბევრი ისეთი  მომენტია, რომელიც ზუსტად უნდა იყოს გათვლილი და არ უნდა შევხედოთ მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით.

თქვენ ახსენეთ მოსახლეობა, რაც საკმაოდ სენსიტიური საკითხია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს  პრობლემა მოგვარდეს, ვინ უნდა ჩაერთოს მოსახლეობასთან  მოლაპარაკებებში, მთავრობა თუ თავად ინვესტორი?

ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მხოლოდ ინვესტორს არ ეხება. „მე ხელები დამიბანია“ - ასეთი პოზიცია მთავრობამ არ უნდა დაიკავოს, ამას ის ვერც გააკეთებს. ინვესტორს აქვს თავის ინტერესი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მიიღოს მეტი მოგება და მისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს მოსახლეობის ინტერესების ბოლომდე დაცვა. აი აქ კი, მთავრობამ მეტი  აქტიურობა უნდა გამოიჩინოს.

რატომ იწელება ხუდონჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ  სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაცია არ არსებობს?

არ ვიცი რა ხდება. კონკრეტულ საკითხში ჩახედული არ ვარ. ასე რომ,  ზოგადი საუბარი გამიჭირდება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აქ მარტო კოორდინაციის პრობლემა არ  არის. გადაწყვეტილებას ცალკე ვერც ერთი მინისტრი ვერ  მიიღებს, ვერც გარემოს დაცვის მინისტი, ვერც ეკონომიკის და ვერც  ენერგეტიკის. ყველამ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და შემდეგ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ  ამაში უნდა იყვნენ ჩართულები ადგილობრივებიც, მათაც უნდა მოუსმინონ, მათაც უნდა გაიგონ კარგად, თუ რა სარგებელს მიიღებენ  ჰესის აშენებით.