გაზრდის თუ არა ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას

გაზრდის თუ არა ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას

უკანასკნელ პერიოდში ბევრს საუბრობენ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ხუდონჰესის მშენებლობის განახლება-არგანახლების თემაზე.  დღეს საქართველო 75%-ით ენერგეტიკულად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი რესურსების საშუალებით ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. ამ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.

რას მოუტანს ქვეყანას ხუდონჰესის მშენებლობა? რას ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ ექსპერტები და პოლიტიკოსები, როგორია მათი არგუმენტები.

ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: „ხუდონჰესი, ეს არის ის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ხუდონჰესის აშენება არა მარტო ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. გარდა ამისა, ხუდონჰესი სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას. ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ხუდონჰესი უნდა აშენდეს“.

ლიანა ჯერვალიძე, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში: „ხუდონჰესის აშენება მაშინაც კი არ იქნება ცუდი, თუ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ექსპორტზე გავა. აქ მთავარი ისაა, რომ ვინ აშენებს, ვინაა ინვესტორი, რა პირობებით აშენებს და ა.შ. ეს კითხვები არსებობს და ამაზე უნდა მოხდეს პასუხების გაცემა. თავად ჰესი კი უნდა აშენდეს, ვიმეორებ, თუნდაც ის ექსპორტზე იყოს გათვლილი, ქვეყანა გაყიდვითაც  მიიღებს შემოსავალს.  და კიდევ ერთი, აუცილებელია მკაცრი ყურადღება მიექცეს გარემოს დაცვას“.

გურამ ჩახვაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი:

მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა ვერაფერს დავაყენებ. ჩემთვის სვანეთში მცხოვრები ხალხის პოზიცია ცნობილია და მათ ვგულშემატკივრობ. ასე ხელაღებით საკითხის გადაწყვეტა, ისე რომ ადგილობრივებს არ დაეკითხონ, არასწორად მიმაჩნია. სანამ პროექტზე მუშაობა დაიწყებოდა, ჯერ ამ ადამიანების ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინათ.

მესმის, რომ ენერგეტიკა უნდა განვავითაროთ და ამას ჰესების მშენებლობის გარეშე ვერ მივაღწევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე. იაფი ელექტროენერგიის მოსაპოვებლად მთავრობას ხუდონჰესის ალტერნატიული პროექტების მოძიება დასჭირდება.