საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც EBRD აფინანსებს, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, 2015 წელს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩასატარებლად, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად.
EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატისმა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა:
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მე მომეცა იმის საშუალება, რომ მიმელოცა პრემიერ მინისტრისთვის მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, ეს ძალიან კარგია, ასევე ძალიან კარგია ის ძლიერი გუნდი, რომელიც მასთან არის. მეორე მოლოცვა იმაში მდგომარეობდა, რომ აქციონერებმა, ერთხმად აირჩიეს თბილისი, საქართველო, 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარების ადგილად. მე მგონი ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვატარებთ ჩვენს ყოველწლიურ შეხვედრას კავკასიის რეგიონში, მე ძალიან მეამაყება რომ ეს იქნება თბილისში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას და გავაკეთებთ ბიზნეს განვითარების ძალიან დიდ ღონისძიებას, რათა მოვახერხოთ ინვესტორთა მოზიდვა საქართველოში.
მესამე თემა, რაზეც ვისაუბრეთ, იყო საქართველოსა და EBRD-ს პარტნიორობის გეგმებზე. ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაკავშირებს. გასულ წელს ჩვენ 13 პროექტი განვახორციელეთ, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფარგლებში, და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მომდევნო წელს ამ რიცხვს გავაორმაგებთ, ასე რომ, გასაკეთებელი ბევრია. მე ვთვლი რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვახარებს ჰიდრო სფეროში, ჰიდრო ენერგიის სფეროში მოღვაწეობა. საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი, და მას შეუძლია აწარმოოს ჰიდრო ენერგიის ექსპორტი რეგიონალურ ბაზრებზე, ჩვენ კი გვინდა ამის ხელშეწყობა. ასე რომ, ჩვენ აგრეთვე ვუმიზნებთ ერთი-ორ პროექტს კონკრეტულად ამ სფეროშიც.