‘’ეკონომიკის ექსპერტთა კლუბმა“ დღეს სასტუმრო ‘’ჰოლიდეი ინში’’ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრას საზოგადოებისთვის ცნობილი ექსპერტები და ეკონომისტები ესწრებოდნენ. განხილულ იქნა საქართველოში განსახორციელებელი უმნიშვნელოვანესი პროექტის, ხუდონჰესის საკითხი. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა’’-ს ხელმძღვანელმა, ლევან კალანდაძემ გახსნა. მისი თქმით, სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფის და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, სწორედ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელება წარმოადგენს, რაშიც უაღრესად საყურადღებოა ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის განხორციელება.
ამასთანავე, საკუთარ მოსაზრებას ამ პროექტის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რევაზ არველაძე გვიზიარებს: ხუდონის აშენება აუცილებელია, იმიტომ რომ მალე საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად განვითარდება და სიმძლავრეები საძებნელი გაგვიხდება. ხელისუფლების უმთავრესი მიზანია, უახლოესი 20 წლის მანძილზე საქართველო ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით ევროპულ ქვეყნებს გაუტოლდეს. ასეთ შემთხვევაში, ცხადია საჭირო იქნება საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია. ენერგეტიკა საკმაოდ ინერციული დარგია, პროექტების განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და თუ დროულად არ იქნა დაწყებული არა მარტო ხუდონის, არამედ სხვა მშენებლობებიც, 10-15 წელიწდში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა შეიქმნება. მცირე ჰესების მშენებლობა ალტერნატივად არ გამოდგება, თუმცა ორივე მიმართულებით უნდა განვითარდეს მუშაობა. უნდა აშენდეს, როგორც დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურები, ასევე საშუალო და მცირე სიმძლავრის. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალი არ აღემატება საშუალოდ 7-8 მილიარდ კილოვატ საათს, საქართველოს კი ოციოდე წლის მერე დასჭირდება არანაკლებ 30 მილიარდი კოლოვატსაათი ენერგია, თავისთავად ცხადია, მცირე სადგურები ვერ დააკამყოფილებს ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მცირე ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ პარალელურად უნდა აშენდეს ხუდონჰესიც.
ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიის წევრი, გია არაბიძე კი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესი საქართველოს ენერგეტიკული სისტემისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ჩვენ დღეს არ დავიწყეთ ხუდონის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროექტია და 2020 წელს მოგვცემს პირველ ენერგიას, ჩვენ ჩავბნელდებით. პრობლემა შეიქმნება არა მარტო ეკონომიკაში ენერგიის წვლილზე, არამედ ენერგია დეფიციტური გახდება მოსახლეობისთვისაც კი. ენერგეტიკული თვალსაზრისით სხვა ალტერნატივა ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს.
როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ მოაგვაროს პროექტის განხორციელებაში ერთ ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა - ადგილობრივი მოსახლეობის საკითხი?
ნელ-ნელა, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად მივედით იმ მოსაზრებამდე, რომ ხუდონის მშენებლობა ენერგეტიკული და ეკონომიკური თვალსაზრისით საჭიროა. გარემოს დაცვითი, გეოლოგიური და ეკოლოგიური საკითხებიც შევისწავლეთ და შევჯერდით იმაზე, რომ შემარბილებელი ღონისძიებების გატარების შედეგად მივიღოთ პროექტი, რომელიც არ გამოიწვევს სერიოზულ გავლენას. დარჩა ყველაზე სენსიტიური პრობლემა, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური საკითხი. ახლა ყველა უნდა გადაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაზე, დაარწმუნოს მოსახლეობა პროექტის მნიშვნელობაში, შევთავაზოთ მათ ისეთი კონპესაცია, რომ მათთვის ღირებული გახდეს. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გადასახლების შემთხვევაში ნორმალურად გააგრძელონ ცხოვრება. დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკლესია და საფლავები ისე იქნას გადატანილი, რომ მათ ჭირისუფლებს არ შეექმნათ პრობლემა.
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მრჩეველი, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ელიზბარ ერისთავი მიიჩნევს, რომ ახლა ყოველი კილოვატ საათი ენერგია ჩვენთვის ძვირფასია. ჩვენ მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 15 პროცენტის იმპორტს ვაწარმოებთ, ამის ჩანაცვლება აუცილებელია იმ რესურსებით, რაც ჩვენ გვაქვს. არის თბოსადგურები, რომლებიც მაინც იმპორტირებულ გაზზე მუშაობს, ჰიდროელექტრონიკის ალტერნატივა ამჟამად საქართველოში არ არსებობს. საუბრობენ ქარის ენერგიაზე, ბიოენერგიაზე, მზის ენერგიაზე, მაგრამ ეს თავისი ღირებულებით კარგა ხნის განმავლობაში კონკურენციას ვერ გაუწევს ჰიდროენერგეტიკას. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი რესურსებით მაქსიამლურად მივუახლოვდეთ ჩვენს სურვილს, რასაც ჰქვია ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით. მათ შორის პირველი არის ხუდონი და მეორე ნამახვანი.