„მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 5 მეგავატია, 500 მცირე ჰესიც რომ ავაშენოთ, მათი ჯამური გამომუშავება დიდი ჰესის გამომუშავებას ვერ შეცვლის“, - აცხადებს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ბეგალიშვილი და მიაჩნია, რომ ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს. მისივე თქმით, ჰიდროენერგეტიკის განვითარებისა და ათვისების გარეშე, ქვეყნის განვითარება და დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია.
- როგორ აფასებთ სიტუაციას საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხრივ და რამდენადაა უზრუნველყოფილი ქვეყანა ელექტროენერგიით?
- საქართველო ენერგეტიკულად ბოლომდე უზრუნველყოფილი ნამდვილად არ არის. ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიყოთ დამოუკიდებლები, მაგრამ ბოლო პროცესი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ დიდი ჰესები არ უნდა აშენდეს და გეზი მცირე ჰესების მშენებლობაზე უნდა ავიღოთ, არ არის სწორი. მცირე ჰესები ვერ უზრუნველყოფს ქვეყანას ელექტროენერგიით. უფრო ზუსტად, მათ მიერ წარმოებული დენი ნამდვილად ვერ შეცვლის საშუალო თუ დიდი ჰესის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჰიდროენერგეტიკის განვითარება და ამავე დროს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ქარისა და მზის ენერგიაზეც. მაგრამ ეს არ არის ძირითადი მიმართულება ენერგეტიკის განვითარებაში, ჩვენთვის მთავარია ჰიდროენერგეტიკა და წყლის რესურსების მაქსიმალური ათვისება.
- ამ ეტაპზე წყლის რა რესურსი გვაქვს ათვისებული?
- დაახლოებით 20%-მდე წყლის რესურსი გვაქვს ათვისებული, მაშინ, როცა ევროპის მოწინავე ქვეყნებში წყლის რესურსი მაქსიმალურადაა ათვისებული. ჯერჯერობით არ გვეტყობა, რომ ჰიდრორესურსები მთლიანად არ გვაქვს ათვისებული, მაგრამ 5 წლის შემდეგ ეს ქვეყანას ნამდვილად დაეტყობა.
- გასული საუკუნის 80-იან წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია ხუდონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შემდეგ პროექტი შეჩერდა. ‘’ვარდების რევოლუციის’’ შემდგომ ქვეყანაში კვლავ დაიწყო ხუდონის თემის გააქტიურება და როგორც ცნობილია, თავად ზურაბ ჟვანიაც კი იყო ამ პროექტის მომხრე.
- ძალიან კარგად მახსოვს, რა პროცესები მიმდინარეობდა 80-იან წლებში, როცა მწვანეთა მოძრაობის ლიდერი ზურაბ ჟვანია იყო და რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მერე, როდესაც მთავრობაში მოვიდა, აღიარა, რომ ამ ჰესის გარეშე ჩვენი განვითარება შეუძლებელია. დღესაც ხუდონის მშენებლობას გარემოსდამცველი არასამთავრობოები ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ვისაც ვესაუბრე, დავრწმუნდი, რომ ისინი წინააღმდეგები არიან არა იმიტომ, რომ ჰესის მშენებლობისას ეკოლოგიური პრობლემები წარმოიშვება, არამედ იმიტომ, რომ ეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის. მათი პოზიციიდან სწორედ ეს გავიგე. მთელი აქცენტიც სწორედ ამაზეა გადატანილი. ეკოლოგიაზე კი აღარც საუბრობენ, რადგან ჩატარებული კვლევების შედეგად დარწმუნდნენ, რომ ხუდონჰესი ეკოლოგიურ პრობლემებს არ წარმოშობს.
არის ასეთი სვანების ორგანიზაცია „ლემი“, რომელიც ადრე თანახმა იყო მშენებლობის, მაგრამ ამბობდნენ, რომ აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს მოსახლეობის სოციალური პირობები. ახლა რატომღაც ეს ორგანიზაცია გამოდის წინააღმდეგ და ამბობს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა არ სურს. არადა, არ შეიძლება, რომ ჰესები არ აშენდეს და მითუმეტეს ხუდონჰესი, რომლის წყალსაცავი სულ რაღაც 5 კვ/კმ-ია და ის შემდგომ მოგვცემს იმის ნახევარ ელექტროენერგიას, რასაც დღეს იძლევა ენგურჰესი.
- მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ენგურჰესისა და ჟინვალჰესის მშენებლობისაც, თუმცა ორივე ჰესი აშენდა და ამან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
- ენგურჰესის მშენებლობის დროსაც გამოდიოდა მოსახლეობა მის წინააღმდეგ, მაგრამ აუხსნეს მათ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, დაასახლებდნენ იქ, სადაც მათ სურდათ, რომ დააკმაყოფილებდნენ მათ მოთხოვნებს. ხალხი დათანხმდა და ენგურჰესიც აშენდა.
- და ვის არ აწყობს ხუდონჰესის მშენებლობა?
- ხუდონჰესის მშენებლობა არ აწყობთ იმ ადამიანებს, ვისაც არ სურთ ქვეყნის განვითარება, დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება. ამბობენ, რომ გადავიდეთ მზის და ქარის ენერგიაზე, ავაშენოთ მცირე ჰესები, არადა ვერც ერთი ვერ შეცვლის ხუდონის გამომუშავებას. ღმერთმა მოგვცა წყალი და გამოვიყენოთ ეს, აზერბაიჯანელებს გაზი და ნავთობი აქვთ და იყენებენ, ჩვენ გვაქვს წყალი და გამოვიყენოთ ის. მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე არის 5 მეგავატი, 500 მცირე ჰესიც რომ ავაშენოთ, მათი ჯამური გამომუშავება ვერ შეცვლის დიდი ჰესის გამომუშავებას, რადგან მცირე ჰესი მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკას თუ მოემსახურება.
ასე რომ, საკითხს გონივრულად უნდა მივუდგეთ, ციფრებით უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ამის გარეშე წინ ვერ წავალთ, ეს აუნდა მივიღოთ, როგორც აუცილებელი პირობა ჩვენი წინსვლისა და დამოუკიდებლობისა, თუ მართლა გვსურს დამოუკიდებლობა.
- რამდენად გაზრდის ხუდონჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას?
- დღევანდელი მოთხოვნილება არის დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატსაათი, უახლოეს 5 წელიწადში ეს გაიზრდება 10 მილიარდამდე და შეიძლება 15-მდეც. ანუ უახლოეს 5-10 წელში ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნილება პრაქტიკულად, გაორმაგდება. წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს ენგურჰესი, რა სიტუაციაში ვიქნებოდით. იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან საკითხი, ამბობენ, რომ ხუდონჰესი არ გვინდაო, არადა, სინამდვილეში მის გარეშე ჩვენი განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ თუ გვსურს განვითარდეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები, ეს ჰესები უნდა ავაშენოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს.