სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რამდენიმე ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტთა განცხადებით, მოწამვლის მიზეზი გახდა თბილისში, ლესელიძის N12-ში შეძენილი შაურმა. საშაურმე ეკუთვნის შპს „ლესელიძე-2014-ს“, რომელიც სამეწარმეო რეესტრში ბიზნესოპერატორად 2013 წლის 18 დეკემბერსაა რეგისტრირებული. 

რეგისტრაციის თარიღის გათვალისწინებით, აღნიშნულ საშაურმეში სურსათის ეროვნულ სააგენტოს გეგმური ინსპექტირება არ განუხორციელებია. თუმცა, ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტოს თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა მონიტორინგის ფარგლებში აიღეს შაურმის ნიმუშები და შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

გარდა ამისა, შპს „ლესელიძე 2014-ში“ დღესვე განხორციელდება არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგების საფუძველზე მიღებული იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.

ცნობისათვის, 2013 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში 54 ინსპექტირება განახორციელა, მათ შორის, 29 - გეგმური, 6 - არაგეგმური, 19 - გადამოწმება.
დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი.

მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება ინსპექტირებული სწრაფი კვების ობიექტების რაოდენობა.