პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, ხუდონჰესთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ, სახეზე გვაქვს ორი სერიოზული თემის კონკურენცია. ერთის მხრივ - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ქვეყნის სიძლიერე და კეთილდღეობა და მეორეს მხრივ - ეკოლოგიური უსაფრთხოება და მოსახლეობის ინტერესები.
ყველაფერი ისე უნდა გადაწყდეს, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ბუნებას და იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა დატოვონ თავიანთი საცხოვრისი.
ზოგადად, ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგოდამოუკიდებლობაზე და ამისთვის საჭიროა ახალი რესურსების მოძიება.
თუ შევედრებით ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც ეკონომიკურად ძალიან სტაბილური სიტუაციაა და ეკოლოგიურადაც შესაშური, მაგალითად ავიღოთ შვედეთი, ძალიან აქტიურად აწარმოებენ ატომურ ელექტროენერგიას, მაგრამ იქ ბუნების დაცვა როგორ დონეზეა აყვანილი, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. ანუ მათ მოახერხეს ამ ბალანსის დაცვა და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ავიღოთ იგივე შვეიცარია, რომელიც წყლებით ძალიან მდიდარია და ძალიან ბევრი ელექტროსადგურია, მაგრამ აშენებენ ისე, რომ საფრთხე არაფერს ექმნება.
ჩვენ უნდა გადმოვიტანოთ ეს მაგალითები და ადამიანებს ავუხსნათ, სად არის მათი უფლებები, რა უნდა მიეცეთ მისაგებლის სახით და რაც მთავარია, არ უნდა გაუარესდეს მათი მდგომარეობა.
ენერგეტიკულად და ეკონომიკურად რისი მომცემია ეს პროექტი, საზოგადოებისთვის ცხადად უნდა იყოს ახსნილი. უნდა მოხდეს რისკების შეფასება მეცნიერულად და ამაში მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩართულები. მონაწილეობა უნდა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა. დაიდოს დადებითი მხარეც და უარყოფითიც.
ცხადია, ჩვენ გვინდა განვითარება და ამისთვის ნამდვილად გვჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა. მითუმეტეს, როცა ახალ საწარმოებზე ვფიქრობთ და ახალ სამუშაო ადგილებზე, ამისთვის მეტი ენერგორესურსი ნებისმიერ შემთხვევაში დაგვჭირდება. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად. ეს არის მთავარი.
- ხუდონჰესის პროექტზე წლების წინაც მუშაობდნენ, ახალი დაწყებული არ არის და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ პროექტის განხორციელების მომხრე ზურაბ ჟვანიაც კი იყო და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდა, რასაც არქივიდან ამოღებული მასალები მოწმობს...
- განვითარების წინააღმდეგნი არ უნდა ვიყოთ არავითარ შემთხვევაში. თავის დროზე, როდესაც ჟინვალჰესს აგებდნენ, იგივე სიტუაცია იყო, მაგრამ დღეს წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა ჟინვალისა და ენგურჰესის გარეშე. რკინიგზა რომ გაჰყავდათ საქართველოში, თავის დროზე ესეც კრიტიკის საგანი იყო და ამბობდნენ, თითქოს სადაც ცივილიზაცია შემოვიდოდა, იქ ყველაფერი უნდა განადგურებულიყო, კულტურაც, ენაც... თითქოს იქ მთავრდებოდა ჩვენი ისტორიული განვითარება, მაგრამ ეს ასე არ არის. არიან ქვეყნები, სადაც ძალიან კარგად ახერხებენ ეკონომიკურ განვითარებასაც და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასაც. აი, ეს ტექნოლოგიები უნდა გადმოვიტანოთ. ცხადია, მხოლოდ მივესალმები პროგრესს და არ შეიძლება აქ რაიმე საწინააღმდეგო იყოს, ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს სწორად ახსნილი და იმ ადამიანებამდე მიტანილი, რომლებიც სვანეთში ცხოვრობენ.