სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს
თქვენო უწმინდესობავ!
სულითა და გულით გილოცავთ დაბადების დღეს!
თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ იმ დიდ ბედნიერებას, რასაც ჩვენი პატრიარქით სიხარული ჰქვია.
ბედნიერებაა, როდესაც ერს ისეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს, როგორიც თქვენ ბრძანდებით. თქვენი ცხოვრების თითოეული დღე აღსავსეა სათნოებითა და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიბრძნით, მადლითა და შემწყნარებლობით. თქვენ რუდუნებითა და მოთმინებით იღწვით, რათა ჩვენ, ხშირად დაბნეულნი ამქვეყნიური ვნებებითა და ცდუნებებით, საწყისი და მარადიული ჭეშმარიტებებისკენ მიგვაბრუნოთ. ღვთისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით განმსჭვალული თქვენი ქადაგებები და ეპისტოლეები, ყოველი რჩევა-დარიგება საუკეთესო სახელმძღვანელო და გზამკვლევია ჭეშმარიტების მაძიებელი თქვენი სამწყსოსათვის.
სიხარული და ბედნიერებაა ყოველი თარიღის აღნიშვნა, რომელიც თქვენს სახელს უკავშირდება. სულ ახლახანს თქვენი აღსაყდრებიდან 36 წლისთავი აღვნიშნეთ.
ალბათ მსოფლიოს ისტორიაში იშვიათად იყო ხოლმე ძნელბედობის ისეთი ეპოქა, როგორშიც თქვენ მოგიწიათ მოღვაწეობა - საზოგადოების გახლეჩვის, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემების მძიმე ათწლეულები, უდავოდ დაკავშირებული რწმენისა და სულიერების კრიზისთან. თქვენი მეოხებით ჩვენ ეს წლები ღირსეულად გამოვიარეთ და განსაცდელიდან უფრო გაძლიერებულნი გამოვედით. ზნეობის, მოთმინებისა და შორსმჭრეტველობის მაგალითები, რომელთაც თქვენი ცხოვრებით იძლევით, სანიმუშოა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომაცაა, რომ თქვენი ღვაწლი - საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება, არა მხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის, მომავალ თაობათა კუთვნილებაა.
ბედნიერი ვარ, რომ ღვთის ნებით, ორ ათეულ წელზე მეტია პირადად გიცნობთ. ჩემი ცხოვრების ურთულეს მომენტებში სწორედ თქვენთან ხანმოკლე შეხვედრა, თქვენი დიდი ძალიდან მცირედის მიღება მეხმარება ხოლმე სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში, მომავლის რწმენის აღდგენაში.
მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე. ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს, უშრეტ ენერგიას გისურვებთ იმ დაუღალავი სულიერი შრომისათვის, რომელიც ესოდენ გვესაჭიროება ჩვენი შინაგანი სრულქმნისა თუ ქვეყნის წინსვლის გზაზე.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ჩვენ ქვეყანას!
პატივისცემით,
გიორგი მარგველაშვილი