ვიცე-პრემიერი/პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სახელმწიფო უწყებების მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესყიდვის ფაქტს გამოეხმაურა: „მინდა გამოვეხმაურო საზოგადოებაში აქტუალურე ე.წ. ჯიპების თემას. ვეთანხმები ყველას, ვინც თვლის, რომ საჯარო მოხელის ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ინვეტარის ერთი საერთო სახელმწიფო სტანდარტი უნდა დაწესდეს.
თითოეული ნივთი საჯარო უწყებებში, საწერი კალმიდან დაწყებული და ავტომობილით დამთავრებული, არის სახელმწიფო კუთვნილება და ეს ყველას კარგად გვესმის. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში შეიქმნა კომისია, რომელიც მუშაობს სახელმწიფო ქონების შეძენა – მოხმარების რეგულაციებზე. ამის აუცილებლობა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავინახეთ, სახელმწიფო შესყიდვები, მათ შორის ავტომობილების, დასარეგულირებელია და ეს საკითხი ჯერ კიდევ წინა მთავრობას უნდა მოეგვარებინა.
ყველანაირ ზღვარს და კონტროლს გადაცილებული იყო სააკაშვილის მინისტრების და სხვა ჩინოვნიკების ხარჯები. ამჯერად საზოგადოებაში გაჩნდა კითხვის ნიშნები ჩვენი თანამდებობის პირების მიერ გაწეულ ხარჯებზე.
პროცედურული ეტაპების გავლის შემდეგ, ეს რეგულაციები მალე შევა ძალაში, გახდება საჯარო და ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, რომელიც მოახდენს გადაცდომას, პასუხს აგებს უკვე არამარტო თავისი მორალის და საზოგადოების წინაშე, არამედ კანონის წინაშეც.
ჩემი, როგორც პარტიის გენერალური მდივნის რეაგირება მოჰყვა პირველივე გასაჯაროებულ ფაქტს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით–რომელიც აჭარაში ყოფნის დროს შევიტყვე. პიროვნული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი პერსონალიების მიხედვით არ მეცვლება და ნურავინ იფიქრებს, რომ რამე ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა ბატონი ავთო ბერიძის მიმართ და ჩემი რეაქცია ამით იყო განპირობებული. პირიქით, ჩემთვის და პრემიერისთვის - პარტიის თავმჯდომარისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო ისეთი პიროვნების, რომელსაც ჰქონდა თავისი პოლიტიკური დამსახურება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ესეთი სახის გადაცდომა მოუვიდა.
ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ყველას მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იქნება იდენტური. სახელმწიფო ინტერესებზე წინ ვერ დავაყენებთ პირად სიმპატიებს ან მეგობრობას, პარტიულობა კი კარტელი არ არის.
მიმაჩნია რომ გუნდურობა შეცდომის ერთობლივად მალვაში ან გამართლებაში დაუშვებელია–რაშიც ბადალი არ ჰყავდა სააკაშვილის რეჟიმს, გუნდურობაა-ერთიანი ძალისხმევით პრობლემის დაძლევა.
უშეცდომო არავინ არ არის. არ არსებობს მთავრობა, რომელსაც მუდმივად კონტროლი და მითითება არ სჭირდება საზოგადოების მხრიდან.
ჩვენ ეს დემოკრატიული ფუფუნება მოვიპოვეთ და ეს არის მთავარი. ხოლო შეცდომების გამოსწორება არასდროს არ არის გვიან.
ძალიან კარგად მესმის საზოგადოების და მათ ყველა პრეტენზიას თუ კითხვას გაეცემა პასუხი, ეს არის ჩვენი საერთო– ხალხის და ხელისუფლების უდიდესიმიღწევა. როცა მოქალაქეს შეუძლია პასუხი მოსთხოვოს, ობიექტურად გააკრიტიკოს ნებისმიერ თანამდებობის პირი და ამისთვის მას ან მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს სახელმწიფო სისტემა "სამაგიეროს არ გადაუხდის“