ხუდონი - რუსეთის ელექტრო იმპორტის ქართულით ჩანაცვლების შესაძლებლობა

ხუდონი - რუსეთის ელექტრო იმპორტის ქართულით ჩანაცვლების შესაძლებლობა

ინდური კომპანია ‘’ტრანსელექტრიკა’’ სულ მოკლე ხანში გარემოს დაცვის სამინისტროს ‘’ხუდონჰესის’’ მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების საბოლოო ვერსიას წარუდგენს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მასში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც მანამდე საქართველოს ოფიციალურმა სტრუქტურებმა წარმოადგინეს. ასევე ცვლილება განიცადა ჰესის მშენებლობის საბოლოო პროექტმაც.  

„კაშხალის სიმაღლე შენარჩუნებულია . ამ შემთხვევაში 202– მ-იან კაშხალზეა საუბარი, თუმცა უამრავი სიახლეა. პროექტი დამუშავებულია შვეიცარიული კომპანია ‘’შტუკე–ს’’ მიერ. ჩვენ სულ მალე წარვადგენთ ამ ნაშრომს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ფასეულობები, გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები, რომლებიც მხოლოდ ორმა ორგანიზაციამ წარმოადგინა. ახალ ვერსიაში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ყველა ის კვლევა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა. განსაკუთრებულად უნიკალური შრომა ჩატარდა სეისმოლოგიის თვალსაზრისით და ეს ნაშრომიც იქნება დამატებული. სეისმოლოგიის თვალსაზრისით, ამ პროექტს ანალოგი არ აქვს საქართველოში“ - აღნიშნა პალიტრა ტვ-ს გადაცემა „საქმეში“ სტუმრობისას ხუდონჰესის პროექტის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ.

 დღეს საქართველო დაახლოებით 75 %–ით არის ენერგოდამოკიდებული ქვეყანა.

„თუ საშუალო მახასიათებელს განვიხილავთ, ევროპაში ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელიც 54 %–ზე მეტადაა დამოკიდებული. საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა იმ მახასიათებლამდე, რა მახასიათებლებიც არის მიღებული მსოფლიოში. 133 მილიონი ლარი – ეს არის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება. არავის არ უნახავს დანარჩენი ელექტროენერგიის  თურქეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში გაყიდვის ხელშეკრულება, იმიტომ რომ ბუნებაში ასეთი არაფერი არ არსებობს“- აღნიშნავს დავით მირცხულავა.

ამასთან მიაჩნია რომ „თუ სამომავლო პროგნოზს გავაკეთებთ, დიდი ალბათობით, უდიდესი ნაწილი ხუდონის ენერგიისა საქართველოში დარჩება. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თუ ქვეყანაში 100 საწარმო აშენდება, ჩვენ ვერ შევძლებთ  ელექტროენერგიით მათ მომარაგებას. ჩვენი ელქტროენერგეტიკული სიმძლავრე და ენერგოუსაფრთხოების მახასიათებლები რომ ნახოთ, დღეს ზღვარზე ვართ უკვე მისულები. დამატებითი საწარმოების გახსნის შემთხვევაში აუცილებლად გვჭირდება გენერაციის წყაროები. აქედან გამომდინარე, თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას სამიდან ხუთ პროცენტამდე მივაღწევთ და ყველა გათვლებით ეს რეალურია, ‘’ხუდონჰესის’’ პროექტი აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის“.