„დღეს საქართველო 75 პროცენტით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა, საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა“. - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
მინისტრის განცხადებით, ხუდონჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს დამატებითი ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში, მაშინ როდესაც ჩვენ განსაკუთრებით გვიჭირს ელექტროენერგია.
იმას, რომ ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ჭირდება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ხათუნა გოგალაძეც ადასტურებს და ხუდონჰესთან დაკავშირებით აცხადებს:
„ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ ქვეყანას ჭირდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. ეს იქნება ხუდონი, უფრო პატარა თუ უფრო დიდი ჰესი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოხდეს საკითხის ღრმა შესწავლა და ანალიზი. ერთია, რომ ძალიან გვჭირდება რაღაცა და მაგაზე არავინ დავობს, დარწმუნებული ვარ ყველაზე ექსტრემალი გარემოსდამცველებიც კი, უბრალოდ, მეორეს მხრივ, დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველაფერი, რათა ქვეყანას რაიმე პრობლემა არ შეექმნას. რომ გვინდა, ეს გასაგებია, მაგრამ სად გვინდა, როგორ და რა რისკები შეიძლება გამოიწვიოს, როგორ უნდა იქნას ისინი მინიმუმამდე დაყვანილი, ამისთვის საჭიროა ღრმა და დეტალური კვლევა, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვან და ფართომასშტაბიან პროექტზეა საუბარი. სათანადოდ დასაბუთებულმა კვლევამ და პროფესიონალიზმმა უნდა მიგვიყვანოს სწორ გადაწყვეტილებამდე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართვა, ინფორმირება და მათი ინტერესების, ასევე სოციალური ფონის გათვალისწინება“. - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.