სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და სიღნაღის რაიონის სოფლებში ვადაგასული სურსათის მორიგი პარტია ამოიღო.
თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა გამსახურდიას გამზირზე მდებარე შპს „სითი მარქეთში“ ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია იოგურტი, „ნუგბარ ხაჭო“, რძე, ფენოვანი ცომი, ხაჭოს ვარენიკი, ბლინი სოკოთი, მოხარშული და ნახევრადშებოლილი ძეხვი.
კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში - ი/მ „გულნაზი ნავროზაშვილისა“ და ი/მ „თამაზი ხოსროშვილის“, სოფელ ბოდბეში - ი/მ „გურამ შინჯიაშვილის“, ი/მ „მეგი ცაკაშვილის“, ი/მ „ოთარ ხუნაშვილის“, ი/მ „კობა კოჭლამაზაშვილისა“ და ი/მ „მაკა ლეკიაშვილის“ სასურსათო მაღაზიებიდან ამოიღეს ვადაგასული შოკოლადის ფილები, შოკოლადის ნაკრები, შესქელებული რძე, ორცხობილა, ვაფლი, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, იოგურტი, ჩაი, ძეხვი და სხვადასხვა წარმოების ლუდი.
ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.