რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „საქართველოს სატყეო პოლიტიკის“ დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ტყეები უმოწყალოდ და უკონტროლოდ იჩეხებოდა.
„სატყეო სექტორში ნამდვილად რთული და უკონტროლო მდგომარეობა იყო. არანაირი პოლიტიკური ნება არ არსებობდა, რომ სატყეო სექტორი გამართული ყოფილიყო. უარესს გეტყვით, 2012 წლის აგვისტოში, ზუსტად წინასაარჩევნოდ, მოხდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაუქმება. შესაბამისად, კონტროლი დავიდა მინიმუმამდე. გააუქმეს ზედამხედველობის სამსახური 2011 წელს და ეს ყველაფერი სწორედ პოლიტიკური ნების არარსებობა იყო. ამის კიდევ ბევრი მაგალითი არსებობს...“ - აცხადებს ერთ-ერთ მედიასაშულებასთან საუბრისას ხათუნა გოგოლაძე.
მანვე კომენტარი გააკეთა ხაიშში აღმოჩენილ უკანონო სახერხებზე:
„არარეგისტრირებული სახერხების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ, მაგრამ იცით, რომ 2012 წელს ამის შემოწმების მექანიზმიც კი არ არსებობდა, იმიტომ, რომ ზედამხედველობის სამსახური გააუქმეს. შესაბამისად, არ არსებობდა სტატისტიკაც.
აგვისტოდან დავიწყეთ სამხერხაოების შემოწმება. რაც შეეხება რეგისტრირებულ სახერხებს, პრობლემა რაოდენობაში კი არ არის, არამედ რამდენად კანონის ფარგლებში მოქმედებენ, განსაკუთრებით როცა გრძელვადიან ლიცენზიანტზეა საუბარი. თუ ყველაფერი გაკონტროლდება, ამდენი სამხერხაოც აღარ იქნება“.
შეგახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ხაიშში 15 ლიცენზირებული სახერხია, პარალელურად 7 უკანონო სახერხი იქნა აღმოჩენილი. საერთო ჯამში, მარტო ხაიშში 22 სახერხი ფიქსირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ხუდონჰესის მშენებლობას სწორედ ამ სახერხების მეპატრონეები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც წლების განმავლობაში ხე-ტყის უკანონო ჭრას და რეალიზაციას ეწეოდნენ.