სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს გურისა და აჭარის რეგიონებში ადგილზე ეცნობა და მანდარინის გადამამუშავებელი საამქროების მონახულებას განაგრძობს.
დღეს, შალვა ფიფიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მოქმედი მანდარინის ჩამბარებელი პუნქტი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე, სოფელ მერიას საკრებულოს თავჯდომარე ავთანდის სურგულაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გიორგი ჭყონია.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის მიმდინარეობა და მოსავლის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. მინისტრმა მოსახლეობას რაიონში არსებული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი პუნქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შალვა ფიფიამ ადგილობრივებს დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის შესახებაც.
„შეხვედრაზე მოვისმინეთ მოსახლეობის პრობლემები ციტრუსის რეალიზაციის კუთხით და მათი მოგვარების საკითხებზე ვიმსჯელეთ. გურიის რეგიონში მანდარინის მიმღები 3 პუნქტი სოფელებში შრომაში, მერიაში და ნატანებში ფუნქციონირებს. აჭარის რეგიონში ციტრუსს იბარებს 33 მიმღები და გადამამუშავებელი საამქრო, რომლებიც მზად არიან გურიის რეგიონიდანაც ჩაიბარონ მანდარინი. მოსახლეობას განვუმარტეთ თუ, რა დოკუმენტები სჭირდებათ, რომ მიიღონ სუბსიდია. მოსახლეობის იმ ნაწილის კი, ვისაც ციტრუსის ტრანსპორტირების პრობლემა აქვს, ჩვენ მზად ვართ დავახმაროთ შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა, რათა დროულად შესძლონ მანდარინის გადამამუშავებელ პუნქტებამდე მიტანა“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას განემარტა, რომ ძნელია ზარალის სწორად დაანგარიშება და გამომდინარე აქედან, რთულია კომპენსაციის გაცემა. ამ სიტუაციაში უფრო მისაღები ფორმა სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემაა.
როგორც მოსახლეობასთან შეხვედრაზე შალვა ფიფიამ აღნიშნა, უკვე მოხსნილია ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უამინდობამ გამოიწვია. უკვე ორი დღეა აღდგა საპორტო მოძრაობა.