ბიზნესომბუდსმენი და ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ბიზნესომბუდსმენი და ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს გიორგი გახარიასა და ხუდონჰესის ინვესტორ კომპანია "ტრანს ელექტრიკას" შორის.

"ტრანს ელექტრიკას" წარმომადგენლებმა, დირექტორმა პაატა წერეთელმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ასათიანმა ბიზნესომბუდსმენის ოფისს გადასცეს 3 000 გვერდიანი დოკუმენტი პროექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ. 

როგორც ბიზნესომბუდსმენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის ხვალიდანვე დაიწყებს დოკუმენტაციის შესწავლას:

გიორგი გახარია: "შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად ისეთ საკითხებს განვიხილავთ, როდესაც ბიზნესს რაიმე სახის პრობლემები ექმნება სახელმწიფოსთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სხვაგვარ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩვენ შევეცდებით იმ მიმართულებით შევისწავლოთ საკითხი, თუ რა ვალდებულებები აქვს  სახელმწიფოს, რაც უნდა შეასრულოს. ხვალ "ტრანს ელექტრიკა" გადმოგვცემს დასაბუთებულ წერილს და შევუდგებით მუშაობას. პროექტის ზოგადი შეფასება ამ ეტაპზე ჩვენთვის ცოტა რთული თემაა, ამიტომ ჯერ გავეცნობით დოკუმენტაციას და   დავიწყებთ იმ ჭრილში შესწავლას, რა უშლის ინვესტორს ხელს  კონტრაქტში ჩადებული კონკრეტული  პირობების შესრულებაში."

"ტრანს ელექტრიკას" დირექტორმა, პაატა წერეთელმა განაცხადა, რომ ინვესტორი კომპანია მზადაა შეხვდეს ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ სტრუქტურასა და ორგანიზაციას. მისი განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის როლი ძალიან  მნიშვნელოვანია  მსგავსი სახის საკითხების გადაწყვეტისას, ამიტომ ისინი მზად არიან სამომავლო თანამშრომლობისთვის.