სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცეკვავამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორში სტატისტიკური ინფორმაციების სრულყოფის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას. ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე 6 თვით ადრე ,,საქსტატი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწვდის სამინისტროს ინტერესში შემავალი სტატისტიკური მაჩვენებლების ჩამონათვალს.
,,სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობა. ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ნამდვილად უზრუნველყოფს. თავის მხრივ მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმარება ,,საქსტატს“ საჭირო ინფორმაციის მიღებაში. ქვეყანაში დღეს სოფლის მეურნეობა უკვე პრიორიტეტული დარგია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით დარგის განვითარებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერაც სწორედ ამის მაგალითია“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტებით დაკომპლექტდება. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განიხილება მხარეთა ინტერესში შემავალი სხვადასხვა საკითხები. სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ასევე, იმსჯელებს სტატისტიკური კვლევებისთვის საჭირო ინფორმაციების შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქსტატს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა აქამდეც ხდებოდა, თუმცა მემორანდუმი გაფორმება ხელს შეუწყობს ორი უწყების კიდევ უფრო კოორდინირებულ და შედეგიან მუშაობას.