ვიცე–პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საქართველომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შეძლო ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს მძლავრი, სტაბილური და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის შექმნას.
ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, ახალციხეში 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურ „ახალციხის“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„დღევანდელი დღე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასრულდა ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რაც მრავალწლიანი მჭიდრო და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. სამი ქვეყნის დამაკავშირებელი მილსადენებისა და ნავთობსადენების გარდა სამხრეთის ენერგეტიკული მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდა ახალციხეში მაღალტექნოლოგიური ქვესადგურისა და ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების მშენებლობით. შედეგად ნავთობისა და ბუნებრივი აირის გარდა შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის ტრანსპორიტება და ევროპის ბაზრების მომარაგება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მხოლოდ საქართველოში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ელექტროსისტემის მდგრადობას, ინვესტიციების მოზიდვას, ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას: ჩვენს პარტნიორებს, კომპანიებს, საფინანსო ინსტიტუტებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და წარმატებული თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მიუხედავად მკაცრი კლიმატური პირობებისა დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობთ საერთო წარმატებას.ქვეყნის წარმატებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.