მირონ ფირცხელანის ნაშრომი „ხუდონჰესი ქართული ენერგეტიკის განვითარებაა“

მირონ ფირცხელანის ნაშრომი „ხუდონჰესი ქართული ენერგეტიკის განვითარებაა“

გასული საუკუნის 90-იანებიდან, უნივერსიტეტის ბაღის კიდიდან, სავარაუდოდ ყველა ზარმაცი თუ „მოუცლელი“ სტუდენტის მახსოვრობას მზესუმზირისის გამყიდველის, ერთი აწოწილი, გამხდარი და ყვიციანი ქალის ფიზიონომია უთუოდ შემორჩებოდა. მზესუმზირით სავსე მომცრო ქვაბუნა მხოლოდ შარმი იყო ამ ქალბატონისთვის, ერთგვარი ნიღაბი. სინამდვილეში, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ ქალს ხელმოკლე პროფესორებთან და განსწავლულ ხალხთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი. „საკურსო ან სადიპლომო ხომ არ გინდა დაგიწეროთ, შვილო? ან დისერტაციის დაწერა ხომ არავის უნდა?“ - მზესუმზირის საყიდლად მისულ სტუდენტებს ეჩურჩულებოდა. ფასები ზუსტად აღარ, მაგრამ იმდენი საკმაოდ კარგად მახსოვს, რომ სავსებით მისაღები იყო. თუმცა, სამუშაო სეზონური იყო, მხოლოდ სემესტრის ბოლოსთვის ჰქონდა ამ ქალს მსუყე პერიოდი. წლის დანარჩენ დროს კი „დათვად მომსახურე“ ქალი ერთი უწყინარი მზესუმზირის გამყიდველი იყო.

საბჭოთა, პოსტსაბჭოთა პერიოდშიც და, სავარაუდოდ ამჟამადაც, სამწუხაროდ მოიძებნებიან განსწავლული ადამიანები, რომელნიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მშვენიერ დისერტაციას, საკანდიდატოს,  და თუ გნებავთ  სადოქტორო დისერტაციასაც დიდი სიამოვნებით დაგიწერენ. ოღონდაც პირობა ერთია - ნაშრომში მოყვანილ ფაქტებსა და დოკუმენტებზე თავად ავტორი აგებს პასუხს. ის გარანტიას აძლევს შემკვეთს, რომ ტექსტში არც ფაქტობრივი ლაფსუსი იქნება და არც კიდევ სხვა სახის უზუსტობა.

ჩვენი დღევანდელი დისერტანტი ორგანიზაცია „ლალხორის“ თავმჯდომარე, ასევე „საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი“, საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე მირონ ფირცხელანი გახლავთ. ზოგადად ლალხორი სოფლის სახელწოდებაა სვანეთში, ძველებურად კი ადამიანთა კრებულს  ზოგადად შეიძლება კაცთა საკრებულოს წარმოადგენდა.

ქართველი კაცისთვის და მით უმეტეს სვანებისთვის სამარცხვინო და მიუღებელი გახლავთ   საკუთარი სიტყვის მხოლოდ უკან წაღება კი არა, საჭიროების შემთხვევაში საპირისპიროს მტკიცება. სხვა საქმეა, როდესაც მხოლოდ ვერბალური გზით, ანუ საუბრით გადმოსცემს საკუთარ აზრებს. ბოლო-ბოლო, იტყვი, მაპატიეთ, სვანური რახით ისეთი გაგუდული მთვრალი ვიყავი, არაფერი მახსოვს, რას მივედ-მოვედებოდიო. მაგრამ, როდესაც სრულიად საღ გონებაზე დისერტაციას დაიცავ თუ დაგაცვევინებენ, ხარისხს მოგანიჭებენ, ჯინჯილებს დაგკიდებენ და მერე, ჰოი, უმადურობავ! არ გაივლის ერთი წელიწადიც და ტელევიზიით, პრესითა თუ რადიოთი წიოკს ასტეხ, პირველ რიგში საკუთარი დისერტაციის წინააღმდეგ წახვალ (თუ არ გინდოდა, რას იწვალე და რას აწვალე ტექნიკური უნივერსიტეტის ხალხი) და ენგურჰესზე იტყვი კაშხალი Alberto Lleras (Guavio) Dam-იაო. ეხლა ეტყობა მოდურია ჰესების წინააღმდეგ საუბარი და არ აქვს მნიშვნელობა რა კვალიფიკაცია გაქვს, საგანში ერკვევი თუ არა, მთავარია ილაპარაკო და თან რიხიანად და რას ამბობ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. როგორც ჩვენთის გახდა ცნობილი სარელეო დაცვის სპეციალისტი ყოფილა ბატონი მირონი და წლების განმავლობაში საქენერგოში, მერე კიდევ ელექტროსისტემაში მუშაობდა. ეტყობა დაგროვილი გამოცდილება კარგად გამოიყენა და 2012 წელს „მოუკვარახჭინებია“ და  დისერტაციაც  დაუცვია თემაზე „საქართველოს ელექტროენერგეტიკაში მართვის ახალი სისტემების დამუშავება და დანერგვა“, რომლის პირველივე თავში ვკითხულობთ  „ენერგეტიკულმა საზოგადოებამ ვერ უზრუნველყო ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის დამთავრება, როგორიც ხუდონი და ნამახვან ჰესები იყო, რომელთა საშუალო ჯამური სიმძლავრე 1200 მეგავატს აღემატებოდა. შემდგომ წლებში ამ ფაქტმა განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ენერგოსისტემის მუშაობაზე“, - ამას წერდი ჯერ კიდევ 2012 წელს და საინტერესოა, რა შეიცვალა სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში.

თავისივე დისერეტაციაში მირონ ფირცხელანი, სულ რაღაც ერთი წლის წინ მარჯვედ ასაბუთებდა, რომ  ხუდონის ზემოთ ჰესების მთელი კასკადი უნდა აშენდეს, მათ შორის ლატალი, ფარი, ტობარი ჰესები. მართალია, ამჟამად მხოლოდ ხუდონჰესზე მიდის საუბარი, რომლის მშენებლობასაც პატრიოტის შირმას ამოფარებული, დაუსაბუთებელი არგუმენტებით ცდილობს ქვეყნისათვის ზიანის მიყენებად წარმოაჩინოს, მაგრამ საინტერესოა მისი იდეებისა და აზრების შესახებ სვანეთში თუ აქვთ ინფორმაცია, ან მისმა „თანამოაზრეებმა“ თუ იციან რამე?! ამას წინათაც პრეზენტაცია, რომ გააკეთა ქორთიარდ მერიოტში ებერტის ფონდის დაფინანსებულ კონფერენციაზე და ხუდონჰესის მშენებლობა რამის ”ეროვნულ კატასტროფად“ რომ გამოაცხადა და ენერგეტიკის სამინისტრო არასწორი პოლიტიკის განხორციელებაში რომ დაადანაშაულა, საინტერესოა თითქმის მთელი სვანეთის დატბორვა განსხალების გეგმას რომ უჭრდა მხარს მაშინ არ ახსენდებოდა სვანეთის სიყვარული და პატრიოტიზმი? მისი ნააზრევი რომ განხორციელდეს სვანეთიდან ნამდვილად მოუწევს 3000 კაცს განსახლება  და სვანეთი სულ წყალსაცავებად გადაიქცევა, რადგანაც ყველა მის მიერ დასახელებული ჰესი წყალსაცავიანი.

მირონ ფირცხელანის დისერტაციში,  მისმა ერთმა ნააზრევმა  ზედმეტად მიიპყრო ყურადღება და ეჭვების საბაბიც აღძრა „ მოსახლეობას (ვისაც წყალსაცავი ზიანს აყენებს) საკუთრებაში მიეცეს ახლად აშენებული ელსადგურებიდან ელეენერგიის გამომუშავების გარკვეული პროცენტი“ . - კარგია რომ ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს, მაგრამ მეორეს მხრივ პატარა ბიზნსეს აიწყობდა, საქმეში ჩაუხედავ სვან მოსახლეობას პატარ „ტრეიდინგს“ ჩამოუყალიბებდა და ელ.ენერგიის ყიდვა გაყიდვას მიჰყოფდა ხელს. ნამდვილად შორს მიმავალი გეგმები ქონია ბატონ ფირცხელანს, თუმცა როგორც ამბობენ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა....

აქვე საჯარო კითხვა მინდა დაუსვა მირონ ფირცხელანის დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პორფესორს, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილ წვერს ბატონ დემურ ჩომახიძეს, რომელსაც „ლომის წილი“ მიუძღვის მირონ ფირცხელანის დისერტაციის შექმნაში, ის რას ფიქრობს ხუდონჰესის მშენებლობისა და საერთოდ ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების შესახებ?

ხსენებული დისერტაცია ამ კაცმა 2012-ში დაიცვა. როგორც ყველა „ხელოვანი“ და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი, ფირცხელანიც საკმაოდ ბევრი, რბილად რომ ვთქვა, უცნაურობებით გამოირჩევა.  ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს 2013 წელს  სამსახურში  წყალი შეუდგა, რაც იმით დასრულდა, რომ ის  სამსახურიდან  გაათავისუფლეს. სწორედ მაშინ მოხდა ამ პიროვნების სახეცვლილება და ფირცხელანი სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე ფიცხლად “გულანთებულ მამულიშვილად” ტრანსფორმირდა და მშობლიური კუთხის გადარჩენა -დაცვას მიჰყო ხელი.

როგორც უკვე ვთქვით, სამსახურს გარეთ დარჩენილმა ამ კაცმა სამშობლოს შეყვარება გადაწყვიტა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა რით დაეწყო. მის დოქტორობასა და ტექნიკური უნივერსიტეტის სამსახურს კარგა ხანია ენგურის ცივი წყალი გადასხმოდა. ჰოდა, მან ძველი ხელობა, ენერგეტიკოსობა გაიხსენა და საინფორმაციო სააგენტოებისა თუ სხვა ანონსების გულდასმით შესწავლა დაიწყო. სადაც კი მოჰკრავდა თვალს ფირცხელანი - აქა და აქა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“, ანდაც „მთის მოყვარულთა კავშირი“ პრესკონფერენციას მართავენო, მაშინვე იქ გაჩნდებოდა და შეხვედრა სულაც 305-მეტრიან ჩინურ კაშხალ Jinping-I Dam-ზე ყოფილიყო, ხუდონის ჰესის მშენებლობის საქმეს გმობდა და აქიაქებდა.

და კიდევ, 2012 წელს ხუდონჰესის, და არა მარტო- მისი მტკიცებით ყველა ჰესი უნდა აშენდეს მომხრე ფირცხელანი ერთ წელიწადში სრულიად სხვა იშტაზეა მოსული. ამ კაცის აზრით, საქართველოს, ენერგეტიკის განვითარების რეალური გეგმა არ გააჩნია. მისივე თქმით, "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით აუცილებელია მოხდეს ადგილობრივებთან აზრების შეჯერება.

"თუკი არ მოხდება დარგის სპეციალისტების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, ასეთ შემთხვევაში,  შემდეგ წავალთ სოფელ ხაიშში, იქ გავშლით კარვებს და დავიწყებთ შიმშილობას", - განაცხადა მირონ ფირცხელანმა. წაბრძანდით, ბატონო და სადაც გენებოთ იქ გაშალეთ კარავი.  თუმცა საკითხავია, მისი რომელი ნააზრევი უნდა გაითვალისწინონ თავის დისერტაციაში რასაც ამტკიცებს თუ ეხლა რასაც ეუბნება საზოგადოებას?