კომპანია "ტრანს ელექტრიკა", რომელიც ხუდონჰესის პროექტს ახორციელებს, პარასკევს ბიზნესომბუდსმენს, გიორგი გახარიას შეხვდება და დეტალურად წარუდგენს ყველა ინფორმაციას, რაც ამ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას ეხება.
როგორც კომპანია "ტრანს ელექტრიკას" წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან.
გარდა ბიზნესომბუდსმენისა, "ტრანს ელექტრიკა" სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსაც შეხვდება და 3000 გვერდიან დოკუმენტაციას გადასცემს. შეხვედრა ხუთშაბათსაა დაგეგმილი. სახალხო დამცველმა მზადყოფნა გამოთქვა კომპანიასთან შესახვედრად და მათი არგუმენტების მოსასმენად ყველა საკითხთან და მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის საკითხის შესწავლას სახალხო დამცველის აპარატიც იწყებს. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მისი მთავარი ამოცანაა, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა და სწორედ ამ მიმართულებით ეცნობიან აღნიშნულ საკითხს:
"ჩემთვის მთავარია იმის დეტალურად დადგენა, ხუდონჰესის აშენება და ამ მშენებლობიდან გამომდინარე ცვლილებები რამდენად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე. ფაქტია, რომ ბევრი საკითხია მოსამზადებელი და ხელისუფლება კარგად უნდა მოემზადოს ამისთვის" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.