ენერგოეფექტურობის ფონდის წარმომადგენელმა ვახტანგ ზარქუამ გუშინ, "ქორთიართ მარიოტში" გამართულ კონფერენციაზე "ხუდონჰესის გამოწვევები", იმდენად უცნაური განცხადება გააკეთა, რომ გაოცება ხუდონჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმაც კი ვერ დამალეს.
ენერგოეფექტურობის ფონდის წარმომადგნელი მომხსენებლად იყო მიწვეული "ფრიდრიხ ებერტის ფონდისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე. მას მიაჩნია, რომ ჰესების, განსაკუთრებით მძლავრი, მარეგულირებელ-წყალსაცავიანი ჰესების ფართომასშტაბიანი მშენებლობებისთვის საქართველო მზად არ არის და ის არც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს ენდობა. გთავაზობთ ციტირებას მისი გამოსვლიდან სტილის შეუცვლელად:
"მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ჰოლანდიელმა ექსპერტმა ჩაატარა პრეზენტაცია და თქვა, წლის ექსპერტი ვარო. არ არის ახლა საჭირო მისი დასახელება, არც მახსოვს მისი გვარი. მან განაცხადა, "მე ვარ ჰოლანდიელი ექსპერტი და ჩამოსული ვარ საქართველოში დახმარებისთვისო. თვითონაც უკვირდა, რატომ დაუძახეს საქართველოში. გასაკვირი რა არის იცით? რომ ჰოლანდიას წყალი უტევს ქვემოდან, ზღვის დონის ნიშნულს ქვემოთაა და სხვა პრობლემები აქვთ. ის მთაგორიანი ქვეყანა არ არის. ჩვენ კიდევ წყალი გვიტევს ზემოდან,
მთაგორიანი ქვეყანა ვართ და სრულიად განსხვავებული პირობები გვაქვს. რატომ ვეძახით ჰოლანდიელ ექსპერტებს აქ, ჩვენთვის სრულიად განსხვავებულ გარემოში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
ეს შედარება სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" წარმომადგენლობის დირექტორისთვის საქართველოში, ია თიკანაძისთვისაც.
"ბატონო ვახტანგ, ძალიან უცნაური არგუმენტია. გერმანიაში ძალიან დიდი რაოდენობა მთებისა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები მთის განხრით სწორედ გერმანელები არიან. -უპასუხა თიკანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ექსპერტებს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტზე დადებით დასკვნა აქვთ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა მარტის თვეში საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით.
აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) მიერ მოხდა ხუდონის პროექტის გზშ-ს შესწავლა და ანგარიშის მომზადება, სადაც ჰოლანდიელი ექსპერტები თავის რეკომენდაციებს სთავაზობენ გარემოს დაცვის სამინისტროს.
ჰოლანდიელების დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ მასალები რომელიც მათ გადაეცათ არ იყო საკმარისი სრულფასოვანი რეკომენდაციების შესამუშავებებლად. აქვე აღსანიშნავია რომ ხუდონის პროექტის გზშ, რომელიც ექსპერტებს ქონდათ იყო პირველადი- 2012 წლის მაისის ვარიანტი.
ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, „ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი შესრულებულია საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების მიხედვით" (გვ.22), ასევე კომისიას მიაჩნია, რომ შემოთავაზებული კაშხლის ტიპი, კაშხლის პარამეტრები და განლაგება საუკეთესო ვარიანტია საინჟინრო თვალსაზრისით. (გვ.27)
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ანგარიში იძლევა ადეკვატურ ინფორმაციას:
-წყლის და ხმელეთის ფლორასა და ფაუნაზე; -ხუდონის წყალსაცავი დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ევტროფიკაციის პროცესი (წყლის ხარისხის გაუარესება) წყალსაცავში არ განვითარდება;- კლიმატის ცვლილება (მიკრო და მაკრო მასშტაბით) არ წარმოადგენს ამ პროექტისთვის პრობლემურ საკითხს;- ხუდონჰესის წყალსაცავის შექმნასთან დაკავშირებით არ წარმოიქმნება ჯანმრთელობის პრობლემები . (გვ.29)
ჰოლადიელმა ექსპერტებმა მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით გზშ-ში მოყვანილი ინფორმაციები განიხილეს 13 კრიტერიუმის მიხედვით, რათა შეედარებინათ ხუდონჰესის კაშხალი სხვა 49 დიდ კაშხალთან მთელ მსოფლიოში, ამის მიხედვით:
-დასატბორი ტერიტორია მეგავატებთან შედარებით:
ხუდონჰესის სიმძლავრე 702 მგვ, წყალსაცავის ზედაპირი 520 ჰა. გენერაციის სიმძლავრესთან შეფარდებით წყალსაცავის ფართობი მცირეა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
-წყლის დაგროვების დრო: მდინარის ხარჯი 114 მ3/წამში და რეზერვუარის მოცულობა 364,5 მლნ მ3. საშუალო წყლის შევსების დრო არის 37 დღე. წყალსაცავში წყლის ხარისხის პრობლემა არ არსებობს წყლის შევსების დროის სიმცირის გამო.