საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, „გამოზამთრების პროგრამის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა 2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებით (ელ.ენერგია, ბუნ. აირი) უზრუნველყოფისათვის, სამინისტროს ასიგნებებიდან 4 700 000 ლარს მიმართავს. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სამინისტროსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
„ჩვენ, ლიბერთი ბანკთან ერთად, განვახორციელეთ ზამთრის პერიოდისათვის აქცია იმ დევნილი ოჯახებისათვის, რომელთა რეიტინგული მაჩვენებელი 70 001 ქულაზე ნაკლებია. ასეთი ოჯახების რაოდენობა არის 23 000-ზე მეტი. ჩვენ მათ ზამთრის პერიოდისათვის მოხმარებული ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის დასაფარად გადავცემთ 200 ლარიან ბარათს. მთლიანად ამ პროექტის ღირებულება არის 5 მილიონამდე ლარი. მინდა დევნილებს ვამცნო, რომ მათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეუძლიათ ეს ბარათები ლიბერთი ბანკის ოფისებში მიიღონ. ბანკის ხელმძღვანელობას მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ამ აქციაში მონაწილეობისათვის და მხარდაჭერისათვის, რადგან მათ კომერციული ინტერესის გარეშე, მინიმალურ ფასად, თითქმის 100-ჯერ უფრო იაფად დაგვიმზადეს ეს ბარათები, რომლებსაც დაურიგებენ დევნილებს. ვფიქრობ, რომ ამით დევნილებს, ზამთრის პერიოდის უფრო იოლად გადასატანად ექნებათ მხარდაჭერა“ - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
განკარგულების პროექტი დევნილთა 2013-2014 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებას ეხება. კერძოდ, სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფილ იქნებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა არის 70 001-ზე ნაკლები.
„ლიბერთი ბანკი დღეიდან იღებს მონაწილეობას პროექტში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად, სადაც ბანკი 24 000-მდე დევნილს დაურიგებს „Sმარტივი“ ბარათს, რის მიხედვითაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილი 200 ლარიანი დახმარების დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ეს ფული გამოყენებულ უნდა იქნას ბუნებრივი აირის, ან ელექტროენერგიის საფასურის გადასახდელად. აქვე ავღნიშნავ, რომ მომავალშიც, ნებისმიერ ასეთ პროექტში ლიბერთი ბანკი მხარში დაუდგება სახელმწიფოს“ - განაცხადა სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დევნილთა მონაცემთა ბაზაში 2013 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით იხელმძღვანელა. განკარგულების საფუძველზე, ელექტრონულ ბარათს, ოჯახის უხუცესი წევრები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები სს „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებში მიიღებენ, მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათებზე ჯამურად დარიცხული იქნება 200 ლარის ლიმიტი.
დევნილ ოჯახებს, შესაბამისი ელექტრონული ბარათის მიღება 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე შეეძლებათ.
ხელშეკრულებას ხელი, დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ და სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ მოაწერეს.