ხვალ, „ფრიდრიხ ებერტის ფონდისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ხუდონჰესის გამოწვევები.“ როგორც მედიაანონსში ვკითხულობთ, კონფერენციის მიზანია, შედგეს ღია დიალოგი საექსპერტო, სახელისუფლებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს შორის ხუდონჰესის პრობლემატიკის ირგვლივ.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველო, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ენერგეტიკოსთა კავშირი, სვანეთის ტურიზმის ცენტრი და სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი.
კონფერენციაზე მოწვეულები არიან სახელისუფლებო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მედიაანონსამდე, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდრიხ ებერტის ფონდიდან“ მოსაწვევი მიიღო, რომელშიც მეტად საინტერესო ფაქტობრივი მონაცემები იყო.
მაგალითად:
1. ნახსენებია, რომ დაიტბორება 1100 ჰა ტყე;
2. დასატბორი ტერიტორიაა 400 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა;
3. გადასახლებული იქნება 2000 კაცი;
4. საქმე ეხება 25 სოფელს.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ პარტნიორებმა მიაწოდეს.
ხვალ დაგეგმილი ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორი ნინო ჩხობაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას აცხადებს:
„ჩვენ ძირითადად რიცხვებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ სხვადასხვა მონაცემებია ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც უწერია თვითონ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შედეგების ანგარიშში. იქ წერია, რომ 1100 ჰექტარზე ვრცელდება. დაახლოებით 700 კაცი უნდა გადასახლდეს, 170 კომლზეა საუბარი და 27 ტოპონიმი უნდა გაქრეს. რაც ვიცი, საბოლოო ჯამში 2000 კაცის განსახლება მოხდება.
კითხვაზე: ქალბატონო ნინო, გზშ-ში საუბარია 184 კომლზე, ანუ 700 ადამიანზე და თქვენ თითქმის სამჯერ მეტ მონაცემს ასახელებთ, „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი აცხადებს:
„ეს 700 კაცი ისაა, რაც რეალურად ექვემდებარება გადასახლებას. იქედან 1050 თუ 1070 კომლია დარჩენილი, რაც არის, თვითონ ხაიშში არის უფრო ნაკლები, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, წერია გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში. ეს მონაცემები იქედან გვაქვს აღებული, ჩვენ არაფერს ვიგონებთ. უბრალოდ, ექსპერტების ვარაუდია, რომ მათთვის, ვინც შეიძლება იმ ხეობაში დარჩეს, მდგომარეობა გაუსაძლისი გახდება. ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს, ჩვენ ვსაუბრობთ ვარაუდებზე და ამას წერილობით არსად ვაფიქსირებთ“.
ინვესტორის, კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ პიარ მენეჯერი ნინო ასათიანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ნინო ჩხობაძის მიერ მოყვანილი ვარაუდები სრული სიცრუეა. მისივე თქმით, ისეთი სერიოზული ორგანიზაცია, როგორიც „ფრიდრიხ ებერტის ფონდია“ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს.
ნინო ასათიანი: „მე მგონი ნინო ჩხობაძეს გზშ-ს ახალი ვარიანტი არც წაუკითხავს, სადაც 376-ე გვერდზე თეთრით შავზე წერია, რომ 325 ჰა ტყე ექცევა ზემოქმედების არეალში. ან 2000 ადამიანი სად არის? განსახლების პირველი ფაზის მიხედვით, განსახლების არეალში ექცევა 769 ადამიანი, ეს არის 184 ოჯახი პირდაპირ და არა პირდაპირ. საიდან მოიტანეს ეს 2000 კაცი? ტყუილია აბსოლუტურად! ისევე როგორც ტყუილია ინფორმაცია 25 სოფელზე. დატბორვის ზონაში ხვდება 3 სოფელი და ზემოქმედების ქვეშ-2. და ეს ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი გზშ-ში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე დევს. როგორ შეიძლება ამხელა პროექტზე ვარაუდებით ისაუბრო, როცა არსებობს მათემატიკური დაანგარიშებები. ეს არის შეგნებული დეზინფორმაცია. რაღაცაზე რომ მსჯელობ, მინიმუ, წაკითხული მაინც უნდა გქონდეს“.