ევროკავშირთან პარტნიორობა საქართველოს მოსკოვისგან სრული უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი კორსოს სტატიას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შესახებ.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აღნიშნავს მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ეს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთის მხრიდან განუწყვეტელი ჩარევების წინააღმდეგ მიმართული "სადაზღვევო პოლისი".
"საქართველო და მოლდოვა ორი სახელმწიფო იყო, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს რუსეთის ზეწოლას და ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას ვილნიუსში ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. მოსკოვის კუნთების ჩვენების ტაქტიკამ შეაკავა უკრაინა და სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცებისგან. საქართველო, სომხეთისა და უკრაინისგან განსხვავებით არ არის ისე დამოკიდებული რუსეთზე ენერგორესურსებისა და სავაჭრო სფეროებში. თუმცა რუსეთის ხელმძღვანელები თვლიან, რომ მათ გარკვეული ბერკეტები გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ოფიციალური თბილისი მიისწრაფის ორ სეპარატისტულ რეგიონზე სუვერენიტეტის აღდგენისკენ", - წერს მოლი კორსო.
როგორც სტატიის ავტორი წერს, 30 ნოემბერს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ორი დღის შემდეგ, რუს ჯარისკაცებმა კვლავ განაგრძეს მავთულხლართების გაბმა და ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ასევე ორი ადამიანი დააკავეს ხაშურში ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო.
ეურაზიანეტ.ორგ-თან ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, მაგრამ ისინი ისე მოიქცევიან ვითომ პირიქით იყოს.
"რა თქმა უნდა, ისინი რაღაცას გეგმავენ", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს უფრო აშკარა მხარდაჭერა სჭირდება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებისგან იმ რისკების შესაზღუდად, რაც კრემლის პოზიციის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას უკავშირდება.
თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აცნობიერებს იმ სიგნალებს, რაც ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მოდის. "ჩვენ ვიცით, რომ უნდა განვითარდეთ, როგორც თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყანა. ზუსტად ეს სურს ჩვენს ხალხს", - დასძენს თამარ ბერუჩაშვილი.