უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება ქვეყნის ორიენტაცია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოკავშირეები აცხადებენ, რომ არ უნდა იქნას გამოყენებული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
"მათ ხელი აქვთ მოწერილი საერთაშორიო პრინციპებზე, ის არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ კვირაში კიევში მინისტერიალია დაგეგმილი. მოკავშირეები აცხადებენ, რომ არ უნდა იქნას გამოყენებული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ როგორი იქნება ქვეყნის ორიენტაცია. იმედი მაქვს, ამჯერად არ არის არავითარი კავშირი ქართულ და უკრაინულ მოვლენებს შორის. ეს ძალიან ნეგატიური იქნებოდა, მაგრამ არ ვხედავ ამის საფრთხეს", - აცხადებს აპატურაი.
მისივე თქმით, ნატოს პრინციპი ნათელია, ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს საკუთარი ორიენტაცია.
"საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ ეს რუსეთის ფედერაციას ნათლად ჩამოვუყალიბეთ. ერევნის ურთიერთობა მოსკოვთან მისი გადასაწყვეტია. მათ აირჩიეს საბაჟო კავშირში შესვლა და როგორ გაგრძელდება ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ სურს უცხო ქვეყნის ჯარები ჰყავდეს საზღვრებთან, ან მის ტერიტორიაზე როგორიც არის საქართველო, ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია, ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - აღნიშნა აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაის კომენტარს ქართული ტელეარხები ავრცელებენ.