ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მიზანია, მხარეებს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება , - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებული ტექსტის პრეამბულაში, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ვეგბვერდზე გავრცელდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები ითვალისწინებენ მტკიცე კავშირებს და საერთო ღირებულებებს, რაც წარსულში ჩამოყალიბდა და განვითარდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
მხარეები აღიარებენ ერთობლივ სურვილს, შემდგომში განავითარონ, გააძლიერონ და გააფართოვონ ურთიერთობები.
მხარეები ასევე აღიარებენ, რომ საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, ვალდებულებას იღებს განახორციელოს ღირებულებები, რომ საქართველო იზიარებს ისტორიულ კავშირებს და საერთო ღირებულებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
"მხარეებს ესმით, რომ შიდა რეფორმები მიმართული დემოკრატიის გაძლიერებისა და საბაზრო ერკონომიკისკენ გაადვილებს საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის პოლიტიკურ პროცესებში, პროგრამებში და სააგენტოებში.
მხარეებს სურთ, ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ განვითარებას ფართო თანამშრომლობის მეშვეობით ბევრ სფეროში, რომელიც საერთო ინტერესს წარმოადგენს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეფექტური მმართველობა, მათ შორის საგადასახადო სფეროში, სავაჭრო ინტეგრაციაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, საჯარო მმართველობისა და სამოქალაქო მოსამსახურების რეფორმების სფეროში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სიღარიბის შემცირებაში და თანამშრომლობაში მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საჭიროა ამ ხელშეკრულების განხორციელებისთვის.
მხარეები პატივს სცემენ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას. მხარეები აღიარებენ საქართველოს ძალისხმევას აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სრული და ეფექტური კონტროლი საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, რისი მიზანიცაა კონფლიქტის მტკიცე და მშვიდობიანი გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით.
მხარეები აღიარებენ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული 6-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას და მშვიდობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო ძალების ყოფნას კონფლიქტის ადგილზე, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეულ დაბრუნებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად.
მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხელშეკრულება შექმნის ახალ გარემოს ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და პირველ რიგში ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებისთვის, ასევე ხელს შეუწყობს კონკურენციას, რაც უმთავრესია ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციისთვის.
ამ ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება; ასევე ხელი შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციონალურ სტაბილურობას საქართველოში; ხელი შეუწყოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის თანამშრომლობას; გააძლიეროს თანამშრომლობა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში, რათა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები განმტკიცდეს.
ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შინაარსია: პრეამბულა; ზოგადი პრინციპები; პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა; თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიოტიკის სფეროში; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; ეკონომიკური თანამშრომლობა; თანამშრომლობის სხვა საკითხები; ფინანსური დახმარება, თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული და კონტროლის ზომები; ინსტიტუციონალური, ზოგადი და დასკვნითი დადგენილებები, - ნათქვამია ევროკავშირის საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებული ტექსტის პრეამბულაში.