ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 17,15 %-მა მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
12:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას საზღვარგარეთ კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია - „ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, ის მოქალაქეები, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან ვერ აძლევენ ხმას, რამაც გამოიწვია პროტესტი მათი მხრიდან. როგორც გახსოვთ, ჩვენ გამოვაცხადეთ საზღვარგარეთ მყოფი რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა, რაც 3, 979-ს შეადგენს. სამწუხაროდ, კანონის მიხედვით ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“.
ცესკოს სპიკერი ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზეც ესაუბრა:
„კრწანისის N5 უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ კი ერთი და იგივე საარჩევნო სუბიექტის, კანონით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი წარმომადგენელი იმყოფებოდა.
კრწანისის N12 უბანზე სამმა ადამიანმა პირადობის მოწმობა წარადინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის გარეშე და კომისიამ მათ არ მიაღებინა არჩევნებში მონაწილეობა.
ახალციხის N35 უბანთან მოხდა შელაპარაკება, თუმცა უბნის შიგნით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
საბურთალოს N63 უბანზე ლუქებთან დაკავშირებით იყო კითხვები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით საარჩევნო ყუთზე ლუქი კანონის შესაბამისად არის გაკეთებული“, - განაცხადა ეკატერინე აზარაშვილმა.
განახლებულ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის და ამორმჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკო 15:30 სთ-ზე წარადგენს.
შეგახსენებთ კომისიის ცხელი ხაზის ნომერს 2 51 00 51 და გთხოვთ, მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კენჭისყრის პროცესში.