ვერის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი განთლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა წარუდგინეს.
შეხვედრას კოალიციის ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც შეკრებილ მოსახლეობას 27 ოქტომბერს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.
გიორგი მარგველაშვილი და თამარ სანიკიძე მხარდამჭერებთან ერთად ვერის ბაღიდან კრწანისში ამომრჩევლებთან შესახვედრად ფეხით გაემართნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა მხარდამჭერებში ამაღლებული განწყობაა: „ ყველა ძალიან გახარებულია. აქ გამოთქვეს აზრი, რომ გიორგი უკვე არის ჩვენი პრეზიდენტი, რასაც ნამდვილად მივესალმებით. მგონი ყველაფერი ნორმალურად მიდის და დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში.“
ვერის ბაღში ასევე იმყოფებოდა გია გაჩეჩილაძე (უცნობი), რომელმაც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დადებით მხარეებზე ისაუბრა: „ყველაზე მეტად მახარებს, რომ საქართველო პირველად აირჩევს ნორმალურ, მშვიდ, გაწონასწორებულ პრეზიდენტს. 20 წლიანი გამოცდილების შემდეგ ავირჩევთ სიმშვიდეს, სიწყნარეს და კეთილდღეობას.“
გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლების პრობლემები მოისმინა და მათ საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეს ათასობით ადამიანთან ძალიან თბილი შეხვედრა გამართა: „ძალიან თბილი შეხვედრა იყო, რომელსაც მიტინგს ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ მე ვიყავი ჩემს უბანში და იმ ხალხს ვესაუბრებოდი ვისთან ერთადაც ვცხოვრობ და ვისთან ერთადაც მისწავლია. ძალიან თბილად ვისაუბრეთ მომავალი გამარჯვების შესახებ და იმაზე, თუ როგორი აქტიურები უნდა ვიყოთ მომავალი ორი კვირა.“
გიორგი მარგველაშილმა მოსახლეობას მომდევნო ორი კვირის განმავლობაშ აქტიურობისკენ მოუწოდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხვალ შეხვედრებს ისნისა და დიდუბის მოსახლეობასთან გამართავს.