დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი თბილისის სხვადასხვა რაიონში მოსახლეობას შეხვდა და რამდენიმე მწვავე ავარიული სახლი დაათვალიერა.
ირაკლი შიხიაშვილი მოსახლეობას საკრებულოს ინიციატივით ამოქმედებული იმ პროექტის ფარგლებში ხვდება, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი მწავე ავარიული სახლების რეაბილიტაცია მთლიანად თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 15 ნოემბერს დასრულდება. ამასთან, ჩატარდება ამ პროექტების ექსპერტიზა, რის შემდგომაც სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი, რომელიც უახლოეს ერთ თვეში დასრულდება. ყოველივე ამის შემდეგ კი აღნიშნული სახლების რეაბილიტაცია დაიწყება.
დღეს ირაკლი შიხიაშვილმა მოინახულა იოსებიძის ქ. N77, ყაზბეგის ქ. N 26, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი, სადაც დევნილები, მიწისძვრით დაზარალებულები და სოციალურად დაუცველი პირები ცხოვრობენ, ასევე ძველ თბილისში, ტელეგრაფის ჩიხში მდებარე მწვავე ავარიული სახლები, სადაც 26 ოჯახი ცხოვრობს. ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე მივიდა ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ორი ავარიული კორპუსია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
და ბოლოს, ირაკლი შიხიაშვილი იმყოფებოდა აფრიკის დასახლებაში უსახელო ქუჩებზე, სადაც მოსახლეობა დამისამართებას, გზის საფარის დაგებას, გაზის გაყვანას და მიწის ლეგალიზაციას ითხოვს.