ექსპერტ ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, “კოალიციის კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რადგან “ქართული ოცნებაა” ის ძალა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა”.
“ის ძალა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა, “ქართული ოცნებაა” და ხალხი ხმას სწორედ მის კანდიდატს მისცემს და არა სხვას. პოლიტიკურ პროცესებს 1 ოქტომბრიდან მოყოლებული ინერცია დღემდე აქვს, აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს”, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციური ძალების კანდიდატების განცხადებას მეორე ტურის გარდაუვალობასთან დაკავშირებით, ნაცვლიშვილი ამას საარჩევნო პროცესს უკავშირებს.
“ყველა კანდიდატი ამბობს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. ეს არის კამპანიის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ვინ რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ობიექტური მოცემულობა სხვაა. გარდა ამისა, ეს იქნება კოჰაბიტაციის რეალურად დასასრული, რაც ასე სწადია ქართულ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ის სწორედ ამ არჩევანს გააკეთებს”, - განაცხადა მან.
ამასთან, ნაცვლიშვილი არჩევნებამდე კანდიდატის რეიტინგების მკვეთრ ცვლილებას არ ელის, თუმცა შესაძლებლად მიაჩნია, რომ მარგველაშვილის რეიტინგმა აიწიოს, ასევე, ბურჯანაძის რეიტინგმა მცირედ მოიმატოს.
“რაც შეეხება ბაქრაძის რეიტინგს, არ შეიცვლება ერთი მიზეზის გამო, რომ ის ახალ ამომრჩეველს ვერ მოიზიდავს. მას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებამდეც და მის შემდეგაც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდა მხარს და ისინი ასე სტაბილურ მდგომარეობაში დარჩებიან”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.