ზვიად ძიძიგური:

ზვიად ძიძიგური: "თუ რამე გამეგება ქართულ პოლიტიკაში, მეორე ტურის შესაძლებლობა გამორიცხულია"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, "საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გიორგი მარგველაშვილს დღეს კონკურენტი არ ჰყავს".

“ჩემთვის ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. ციფრიც შემიძლია, გითხრათ: ჩემი აზრით, კოალიციის კანდიდატი გიორგი ხმების 60%-ზე მეტს აიღებს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. საქართველოში პოლიტიკურ რეალობას კარგად ვიცნობ. ძალიან ბევრი წელია, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვარ ჩართული და არც ერთი არჩევნები ჩატარებულა, რომ მე მასში აქტიური მონაწილეობა არ მიმეღოს. აქედან გამომდინარე, არსებობს ემპირიული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რომ გიორგი მარგველაშვილს დღეს კონკურენტი არ ჰყავს”, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებებს მეორე ტურის გარდაუვალობის შესახებ, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მათ ასეთი განცხადებები აწყობთ.

“თუ რამე გამეგება ქართულ პოლიტიკაში, მეორე ტურის შესაძლებლობა გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” რაღაც ტიპის ორგანიზებული სტრუქტურა შემორჩა, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძის მესიჯს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რაღაც ტიპის მხარდაჭერა აქვს, გიორგი მარგველაშვილი, ძალიან მაღალი ალბათობით, პირველივე ტურში გაიმარჯვებს, რადგან ეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნებისთვის” ნდობის გამოცხადების თემაა”, - განაცხადა ძიძიგურმა.