დღეს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ
4 ოქტომბერს ინა გუდავაძემ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოდან ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გაიტანა. სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს იყო დანიშნული.
ფაქტი თავისთავად მრავლისმეტყველია, რადგანაც თუ დინამიკაში დავაკვირდებით ამ დავის მიმდინარეობას, დასკვნა ცალსახად ერთმნიშვნელოვანია, საქმე გვაქვს უარგუმენტო და უსაფუძვლო პრეტენზიებთან, რომელიც სამართლებრივი განხილვისას წაგებისთვის არის განწირული და მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლისთვისაა განკუთვნილი.
ინა გუდავაძემ ქონებრივი დავა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა, ერთის მხრივ, ქალბატონ ინასა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ე.წ. „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულებას და, მეორეს მხრივ, ვანო ჩხარტიშვილსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის დაპირისპირების ესკალაციას, რაც ვანო ჩხარტიშვილის დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებით დასრულდა.
ინა გუდავაძის მხრიდან სარჩელები შეტანილ იქნა როგორც ქართულ, ისე ბრიტანულ სასამართლოებში. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლომ 2012 წლის ივნისში უარი უთხრა ქალბატონ ინას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და საადვოკატო მომსახურების სოლიდური ხარჯებიც მასვე დააკისრა.
2013 წლის 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ინა გუდავაძის მხარემ სარჩელი უკან გაიხმო. მიზეზად დასახელდა ის, რომ საკითხი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში იხილებოდა. ამჯერად, ამ სასამართლოდანაც იქნა სარჩელი გახმობილი. ცხადია, ეს ხდება ერთადერთი რეალური მიზეზით- სარჩელის უპერსპექტივობით და არა კეთილი ნების გამო.
ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ინა გუდავაძეს პრეტენზიების გაცხადების პირველივე დღიდანვე შესთავაზა, აერჩია მსოფლიოს ხუთი წამყვანი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი, რომელიც მისი და ბადრი პატარკაციშვილის საქმიანი ურთიერთობების ყველა დეტალს შეისწავლიდა. ეს ერთადერთი სამართლიანი გზა იყო, რამდენადაც, როცა საქმიანი პარტნიორებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილია, ან მეორე მხარეს უნდა ვენდოთ, ანდა არსებულ დოკუმენტებს. სამწუხაროდ, ქვრივის ვაიმრჩევლებმა სხვა გზა არჩიეს.
წინა ხელისუფლების კონტროლირებადი სატელევიზიო არხები, მედია, ძალოვნები, სატელიტი პოლიტიკური სუბიექტები და სხვა ელემენტები საეჭვო საინფორმაციო ომში ჩაებნენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდნენ სასურველის მიღწევას. ასეთი მცდელობები ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დაფიქსირდა.
მთელი ამ დავის პერიოდში, მიუხედავად ქვრივის ინტერესების დამცველების მხრიდან ყოველგვარი კანონიერი და ზნეობრივი ჩარჩოების დარღვევისა, ჩვენ არასოდეს შეგვილახავს ბატონი ბადრის ხსოვნა და არც მისი ქვრივის რეპუტაცია. ყველა ეტაპზე ვიყავით მაქსიმალურად კორექტულები და თავშეკავებულნი. თუმცა, ასეთი მიდგომა, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ბინძური საინფორმაციო კამპანიის მონაწილე სუბიექტები და, რაც მთავარია, ორგანიზატორები, სათანადო სამართლებრივ პასუხს არ მიიღებენ. ამჯერად უკვე ჩვენი მხარის მიერ არის შეტანილი კონკრეტული სარჩელები პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქალბატონი ინა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი გარემოებების ერთგვარი ტყვე გახლდათ.შეგვიძლია იმის გაგებაც, რომ ახალ რეალობაშიც ჯერაც ვერ დააღწია თავი მავანის უპერსპექტივო დაპირებებს. თუმცა, ასეთი ვითარების უსასრულოდ გაგრძელებაც რომ აბსურდია და ფარსში გადადის, ესეც ფაქტია.
ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დავის დეტალებს სწავლობს მსოფლიოში აღიარებული ამერიკული საგამოძიებო კომპანია, რომლის მიუკერძოებელ დასკვნასაც საზოგადოება მალე იხილავს.