4 ოქტომბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ მრგვალ მაგიდაზე ზურაბ ხარატიშვილმა და პაატა დავითაიამ საქართველოში შექმინილ პოლიტიკურ ვითარებაზე და წინასაარჩევნო გარემოზე და საქართველიოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, განვიხილეთ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ არაფერი არ შეცვლილა იმ დაპირებებიდან, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება ჰპირდებოდა საზოგადოებას. იგივე საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში, ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. ახლოვდება 2014 წლის ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნები და როდის მოხერხდება ამის განხორციელება, გაურკვეველია. სახელმწიფო დეპარტამენტში არის დიდი ინტერესი იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება არჩევნების შემდგომ და კონკრეტულად ყველას გაკვირვებას იწვევს პრემიერის მიერ პოსტის დატოვების საკითხი, დიდი კითხვის ნიშანია თუ რატომ მიდის პრემიერ-მინისტრი. უნდა აღნიშნოს, რომ დიდი ინტერესი გამოხატეს ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, დეტალურად ვისაუბრეთ ცენტრის მიზნებსა და პოლიტიკურ ორიენტირებზე, ჩვენი მხრიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი არის ჩამოყალიბების პროცესში, და რომ ეს იქნება დასავლეთზე
ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობა“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
"ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას, თუ რა საფრთხეები შეიძლება შეიქმნას მომავალში, როგორც ცხინვალის რეგიონში ასევე აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზეც, რაც შესაძლოა გაჩნდეს ოლიმპიური თამაშების შემდეგ და მე ღიად დავაფიქსირე, რომ არ არის გამორიცხული, სიტუაცია უფრო დაიძაბოს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დაიწყო მავთულხლართების გადმოწევა ვილნიუსის სამიტის წინ და მოვითხოვე, რომ განხორციელდეს ამ ტერიტორიებზე პატრულირება, რაც ხელისუფლებამ არ განახორციელა და დღეს ღიად ხდება ე.წ. საზღვრების გადმოწევა. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ შეერთებული შტატების მხარეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყოს ამ თემაზე საუბარი, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელოს პატრულირება ისეთი ტერიტორიების, რომელიც საფრთხის ქვეშ დგას. საუბარი ეხება, მათ შორის, ენგურის მიღმა სოფლებს. გარდა ამისა, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ იმ საფრთხეზე, რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, რომელიც უკვე სამწუხაროდ, განხილვის თემად იქცა საქართველოში. ამ მიმართულებით დიდია ინტერესები და ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრაზე ჩვენი მხრივ აღინიშნა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცენტრი ორიენტირებულია ევრატლანტიკურ ინტეგრაციაზე და რომ კატეგორიულად მიუღებელია ყველა იმ კავშირის განხილვა, სადაც დომინანტი არის რუსეთი" - განაცხადა პაატა დავითაიამ.