კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გარდაბანში გამართა.
გიორგი მარგველაშვილს ადგილობრივი აქსაკალი ასლან მირზოევი და მოლა ვაგიფ შახერდიევი დახვდნენ, გარდაბნის მოსახლეობას კოალიციის კანდიდატი ადგილობრივმა უხუცესმა სეით იახია მირეევმა წარუდგინა.
ამომრჩევლებთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები სოსო ჯაჭვლიანი, ზვიად ზვიადაური და შოთა ხაბარელი ესწრებოდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
გარდაბნის მოსახლეობას ბოლო 20 წლის განმავლობაში, წყალმომარაგების, გაზიფიკაციის და ელექტრო ენერგიის პრობლემები აწუხებთ. კოალიციის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმები გააცნო და პრობლემების მოგვარებას დაპირდა: „2015 წლისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით დასრულდება გაზიფიკაცია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდაბანში მანამდე არ მოგვარდება ეს პრობლემა. 2014 წელს, როცა საბოლოოდ დასრულდება კოჰაბიტაცია დაიწყება სერიოზული ეკონომიკური გაძლიერება,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
კოალიციის კანდიდატმა გარდაბნის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, იმისთვის რომ 27 ოქტომბრის შემდეგ ძალაუფლება საბოლოოდ გადაეცეს ხალხს, არჩევნებზე ამომრჩევლების აქტიურობაა საჭირო. „ეს არ უნდა იყოს უბრალო გამარჯვება, ეს უნდა იყოს ნამდვილი წარმატება“-განაცხადა მარგველაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა , რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ამდიდრებენ საქართველოს კულტურას და ტრადიციებს, ამიტომ მათ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდებათ.
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მათ გვერდით იქნება, როგორც არჩევნებამდე, ასევე მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.